გულდასაწყვეტია, რომ ჯანეზაშვილი და გვრიტიშვილი ერთნაირად უტევენ ანა დოლიძეს – ელისაშვილი

პუბლიკა

ალეკო ელისაშვილმა, ანა დოლიძემ, ლევან კობერიძემ და ლევან იოსელიანმა დღეს ახალი პლატფორმა დააფუძნეს და მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ, ჯერჯერობით, ეს მხოლოდ პოლიტიკური პლატფორმაა, თუმცა პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას არ გამორიცხავს.

ელისაშვილი, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კანონი უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას და ანა დოლიძე თანამდებობიდან დღესაც რომ გადადგეს, კანონი უკვე დარღვეული აქვს.

„მე ძალიან დიდი პატივს ვცემ ნაზი ჯანეზაშვილს, ჩვენს ოფისშიც მოდიოდა. ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო გუშინ და დღეს იმის ყურება და მოსმენა, რომ ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებები ანა დოლიძესთან დაკავშირებით და ჩემთვის ძალიან არაპატივსაცემი გვრიტიშვილის და სხვა სახელგატეხილი მოსამართლეების განცხადებები უნისონში იყო და ემთხვეოდა ერთამნეთს. ეს, ერთი მხრივ, იყო ჩემთვის დაუჯერებელი და მეორე მხრივ, ძალიან გულდასაწყვეტი.

ჩვენ დღეს წარმოვადგინეთ პლატფორმა და არა პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტია ჩვენ რეგისტრირებული არ გვაქვს. მე იურისტი არ ვარ და იურიდიულ დეტალებზე ნუ მესაუბრებით. ემოცია მინდა გითხრათ ჩემი, რომ ნაზი ჯანეზაშვილი და გვრიტიშვილი რომ ერთნაირად ლაპარაკობენ და უტევენ ანა დოლიძეს, ეს ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია“, – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

15 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ანა დოლიძის მიერ  სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დაფუძნებამ საზოგადოების ნაწილში მოლოდინი გააჩინა მის სამომავლო პარტიულ საქმიანობასა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით, რაც შეუთავსებელია მის მიერ ამჟამად დაკავებულ თანამდებობასთან.

16 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამოეხმაურა ნაზი ჯანეზაშვილიც, რომელიც სოციალურ ქსელში წერდა, რომ ანა დოლიძის შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ჩნდება აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვები.