მთლიან ოპოზიციურ ფორმატს კანდიდატებს ოთხ მაჟორიტარულ ოლქში ვთავაზობთ – ბაქრაძე

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე დავით ბაქრაძემ მედიასთან მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ ერთიან ოპოზიციურ ფორმატს შესთავაზებს ოთხ კანდიდატს. ესენი არიან; ელენე ხოშტარია – ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, შალვა შავგულიძე –მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, გიორგი ვაშაძე – ისნის მაჟორიტარულ ოლქში და შალვა ნათელაშვილი – ნაძალადევის ოლქში.

„ეს კანდიდატები შერჩეულია არა მათი პოლიტიკური კუთვნილების, არამედ იმ ნიშნით, ვის შეუძლია ბრძოლა გამარჯვებისთვის. ამიტომ მთლიან ოპოზიციურ ფორმატს ვთავაზობთ ამ ოთხ კანდიდატს და ვთავაზობთ იმასაც, რომ ორ ადგილზე გაგრძელდეს მუშაობა პარტიებსა და საზოგადოებრივ ცნობად ფიგურებთან.“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, დარჩენილ ორ ადგილზე კონსულტაციები სხვა პარტიებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან უნდა გაგრძელდეს.

„რატომ ოთხი და არა ექვსი, რა თქმა უნდა, მარტივი იყო, რომ ექვისვე ადგილი გადაგვენაწილებინა მონაწილე პარტიებს შორის და შეგვევსო, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი იყო, ამომრჩეველს ჰქონდეს რაც შეიძლება მრავალფეროვანი არჩევანი თბილისში. ორი ადგილის გადანაწილება არ მომხდარა. ორი ადგილი დარჩა ღია და ეს მოგვცემს შესაძლებლობას, კონსულტაციები გავაგრძელოთ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, მათი ჩართვის მიზნით.“ – განაცხადა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის თქმით, მაჟორიტარულ ოლქებზე ერთიან ოპოზიციურ ფორმატში მომუშავე პარტიების საბოლოო გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.