შშმ პირები და ორგანიზაციები პრობლემურად აფასებენ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტის როგორც შინაარსობრივ ნაწილს, ასევე, შემუშავების პროცესს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გამართეს: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისთვის (PHR), შშმ პირებმა და აქტივისტებმა – დავით ბიბილეიშვილმა, ესმა გუმბერიძემ (პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის (PNO)), ოლღა კალინამ (თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისთვის (PER)) და მარი კორკოტაძემ (ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)).
მათი თქმით, კანონპროექტს მიზნად უნდა დაესახა გაეროს შშმ პირთა კონვენციის ეფექტიანი იმპლემენტაცია, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი, ცალკეული პოზიტიური ცვლილებების გარდა, მოკლებულია შესაძლებლობას, გააუმჯობესოს შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა. კანონპროექტი უმეტესწილად დეკლარაციული ხასიათისაა, იგი, ცალკეულ შემთხვევებში, გაეროს კონვენციაზე უფრო დაბალ სტანდარტს აწესებს და შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის ცალკეულ მნიშვნელოვან ასპექტებს (მაგ. ქმედუნარიანობა, დეინსტიტუციონალიზაცია) საერთოდ არ მოიცავს.
შინაარსობრივ საკითხებთან ერთად, შშმ თემის წევრები და ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ კანონპროექტის შემუშავების პროცესს. მათი თქმით, როგორც იუსტიციის სამინისტრომ, ასევე პარლამენტმა ვერ შეძლო, კანონმდებლობის შემუშავებისა და განხილვის დროს უზრუნველეყო შშმ პირთა ეფექტიანი და რეალური ჩართულობა, რაც გაეროს კონვენციის ფუძემდებლურ პრინციპებსა და სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
„მიუხედავად არაერთი კოალიციური განცხადებისა და რეკომენდაციებისა, როგორც შინაარსობრივ, ისე პროცესუალურ საკითხებთან დაკავშირებით, პროცესში შშმ პირების ეფექტიანი ჩართულობა არ იქნა უზრუნველყოფილი, კანონპროექტის შინაარსი უმეტესწილად უცვლელი დარჩა და პარლამენტის მიერ მისი ამგვარი ფორმით, მესამე მოსმენით, მიღება უახლოეს მომავალში იგეგმება”, – აცხადებენ ისინი.