რუსეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს, საზღვარზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით თავშეკავებული ქმედებებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა.
„ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების გამო. ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ”, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, რუსეთი მზად არის დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლის როლი შეასრულოს.
„რუსეთი, როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მზად არის შუამავლობისთვის ძალისხმევა გაიღოს”, – განაცხადა პესკოვმა.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 12 ივლისს დაწყებული დაპირისპირება დღემდე გრძელდება. შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 60 კილომეტრში, აზერბაიჯანულ მხარეს თოუზის რაიონსა და სომხურ მხარეს – ტაუშის რაიონში მიმდინარეობს.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე დაწყებულ დაპირისპირებაში ოფიციალური ბაქო და ერევანი კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.