მას შემდეგ, რაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები გახდა ცნობილი, 19 წლის ფეხბურთელის ოჯახი ითხოვს, რომ „ტოიოტა ქამრიში“ მყოფ 6 პირს ბრალი დაუმძიმდეს. კერძოდ, მათ ბრალად წაუყენონ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლი. თუმცა „ტოიოტა“ ერთადერთი მანქანა არ არის, რომელიც საქმეში ფიგურირებს. „ტოიოტამდე“ თბილისში მიმავალ 6 ახალგაზრდას ვერცხლისფერი „მერსედესის“ მგზავრები დაესხნენ თავს.
სად წავიდა „მერსედესი“ თავდასხმის შემდეგ? „მერსედესის“ მგზავრთაგან ვინ დარჩა მცხეთაში და ვინ დაბრუნდა თბილისში? რა ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები არსებობს აღნიშნული ავტომობილის მგზავრთა ჩვენებებში?
აგარაკს, სადაც წვეულება იმართებოდა, ვიდეოჩანაწერების მიხედვით, 00:10 საათზე ექვსი ახალგაზრდა ერთად ტოვებს, მათ შორის არიან: გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი, იაკობ ბრეგვაძე (ფოტოგრაფი), კონსტანტინე ღიბრაძე (დიჯეი) და გიორგი ქათამაძე. ისინი ცენტრალურ საავტომობილო ტრასას კვეთენ და ფეხით თბილისის მიმართულებით მიდიან, რათა ტაქსით ან შემხვედრი ტრანსპორტით თბილისში დაბრუნდნენ.
აგარაკიდან გამოსულ ექვსეულს გზაში „ნახალოვკის ჯგუფიდან“ მცხეთაში დარჩენილი ორი არასრულწლოვანი მეგობარი წამოეწია. 17 წლის გ.მ.-სა და ლ.შ.-ის – ჩვენებების მიხედვით, ნომრების გასაცვლელად და მომდევნო დღეს საქმის გასარკვევად (17 ბრალდებულთა შორის აღნიშნული არასრულწლოვნებიც არიან). ამ შემთხვევას ჩვენებებში დაზარალებული ვახო ახვლედიანი და კონსტანტინე ღიბრაძე არ ახსენებენ.
მცხეთაში დარჩენილ ამ ორ არასრულწლოვანთაგან ერთ-ერთის, გ.მ.-ის, ჩვენებაში ვკითხულობთ, როგორ შეხვდნენ ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე თბილისისკენ მიმავალ ექსვეულს (რომელთა შორისაც ერთ-ერთი გიორგი შაქარაშვილია):
„მე და ლ.შ. გამოვედით ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, გადავკვეთეთ ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი თბილისის მიმართულებით და განვაგრძეთ გზა. რა დროსაც შევხვდით ზემოთ ნახსენებ წვეულებაზე გაცნობილ გიორგი ქათამაძეს, კონსტანტინე ღიბრაძეს, ვახტანგ ახვლედიანს და გიორგი შაქარაშვილს. მე და ლ.შ.-მა კონსტანტინე ღიბრაძეს მობილური ტელეფონის ნომრები გავუცვალეთ, რომ შემდგომ დღეებში შევხვედროდით ერთმანეთს და გაგვერკვია მანამდე მომხდარი შეხლა-შემოხლის ამბავი. ამავდროულად ქათამაძე ცდილობდა ჩემთან და ლ.შ.-სთან სიტუაციის დაძაბვას. ვინაიდან, ჩემი აზრით, იყვნენ რიცხობრივად მეტნი და უნდოდათ მე და ლ.შ.-ს ფიზიკურად გაგვგსწორებოდნენ. ამ დროს დარეკა ლ.შ.-მა კონკრეტულად ვისთან, არ მახსოვს და უთხრა, რომ მოსულიყვნენ ქალაქ თბილისის მიმართულებით მდინარე არაგვის ხიდთან“.
ამ დროს ნაძალადევის რაიონიდან მცხეთის მიმართულებით „მერსედესი“, სავარაუდოდ, უკვე გამოსულია არასრულწლოვანთა წამოსაყვანად და მგზავრობის დროს ერთ-ერთი არასრულწლოვანი ისევ ურეკავს მერსედესის ერთ-ერთ მგზავრს – „გზაში ერთ-ერთს დაგვირეკეს, დროულად მოდით, რადგან გვეჩხუბებიან და ვიმალებითო“, – ამბობს ჩვენებაში „მერსედესის“ ერთ-ერთი მგზავრი თენგო ბარბაქაძე.
ვერცხლისფერ მერსედესში ამ დროისთვის 6 ადამიანი ზის: გიგა ტატიაშვილი, ირაკლი მუმლაძე, თენგო ბარბაქაძე, ნ.ქ., ნ.ც., და მათი უბნელი მორაგბე ნიკა ჟვანია, რომელიც დაბადების დღის წვეულებას არ ესწრებოდა.
ჩვენებების მიხედვით, არასრულწლოვანთა ზარიდან მალევე „მერსედესი“ არაგვის ხიდთან მივიდა. მანქანაში მსხდომებმა დაინახეს თავიანთი არასრულწლოვანი მეგობრები, რომლებიც ჩვენებების მიხედვით, რამდენიმე მეტრით ჩამორჩებოდნენ თბილისში მიმავალ ექსვეულს. „მერსედესის“ მძღოლის, გიგა ტატიაშვილის ჩვენების მიხედვით, სწორედ მცხეთაში დარჩენილმა არასრულწლოვნებმა შეატყობინეს „მერსედესის“ მგზავრებს, რომ რამდენიმე მეტრით წინ მიმავალი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ კონფლიქტში. სწორედ ამ დროს ავტოსამრეცხაოსთან მოხდა პირველი თავდასხმა თბილისისკენ მიმავალ ახალგაზრდებზე. ვიდეოჩანაწერების მიხედვით, თავდასხმის დრო 00:37 საათია. ჩვენებების მიხედვით, „მერსედესის“ მგზავრები ფიზიკურად გაუსწორდნენ გიორგი ქათამაძეს, კონსტანტინე ღიბრაძეს (დიჯეის) და დაარტყეს ვახტანგ ახვლედიანს. მორაგბე ნიკა ჟვანია ჩვენებაში ამბობს, რომ ჩხუბის დროს რკინის ჯოხსაც იქნევდა. ჩვენებებით, ჩხუბში ასევე ჩაერთნენ ზემოთ ნახსენები არასრულწლოვნები – გ.მ. და ლ.შ.
პირველი კონფლიქტის დროს კონსტანტინე ღიბრაძემ (დიჯეიმ) ადგილიდან გაქცევა და თბილისში ტაქსით წასვლა მოახერხა, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე კი იქვე მდებარე მშენებარე შენობაში დაიმალა. (შაქარაშვილი, ახვლედიანი და ამირხანაშვილი გარბიან, თუმცა „მერსედესის“ წასვლის შემდგომ სამრეცხაოსთან ისევ ბრუნდებიან ნაცემი ქათამაძის დასახმარებლად).
ჩვენებების მიხედვით, პირველი თავდასხმის ადგილზე ჩხუბის დასრულებისთანავე „მერსედესის“ 6 მგზავრს ის 2 არასრულწლოვანიც ჩაუჯდა, რომლებიც დაზარალებულებს უკან მიჰყვებოდნენ. ვიდეოჩანაწერების მიხედვით, მანქანამ ჩხუბის ადგილი 00:39 საათზე დატოვა.
„მერსედესი“ ახლა უკვე 8 მგზავრით იმ აგარაკისკენ მიემართება, სადაც წვეულება იყო.
გაჰყვა თუ არა ორი არასრულწლოვანი „მერსედესის“ სხვა მგზავრებს აგარაკამდე – ამ ეპიზოდზე განსხვავებულია მანქანის მგზავრთა ჩვენებები. მაგალითად, ირაკლი მუმლაძის 20 ივნისის ჩვენებით, ისინი მანქანაში მათთან ერთად არ არიან, რადგან მუმლაძე ამბობს, რომ – „წავედით იმ ადგილისკენ, სადაც გველოდებოდნენ ლ.შ. და გ.მ.“. მანქანაში მყოფ ორ არასრულწლოვანზე არაფერს ამბობს თენგო ბარბაქაძე. თუმცა თავად ერთ-ერთი არასრულწლოვანი გ.მ. 20 ივნისის ჩვენებაში ამბობს, რომ სამრეცხაოსთან ჩხუბის დასრულების შემდეგ „მერსედესის“ სხვა მგზავრებთან ერთად მანქანში ჩაჯდა და აგარაკისკენ გაემართნენ.
ჩვენებებით ირკვევა, აგარაკისკენ იმიტომ მიდიან, რომ „მერსედესის“ ერთ-ერთი მგზავრის, თენგო ბარბაქაძის BMW წამოიყვანონ. „მერსედესის“ მგზავრებს აგარაკზე მხოლოდ ვანო თეგაძე და მისი შეყვარებული ე.ხ. ხვდებათ. წყვილი ჩვენებებში აღნიშნავს, რომ მანქანის წასაყვანად აგარაკთან მართლაც მივიდა რამდენიმე პირი და შემდგომ ტერიტორია დატოვეს.
„გამოგველაპარაკნენ, დაინტერესდნენ, ყველანი წასული იყვნენ თუ არა, შემდეგ ჩაჯდნენ მანქანაში და წავიდნენ. საჭესთან, როგორც მახსოვს, იჯდა თენგო ბარბაქაძე“, – ამბობს ჩვენებაში ე.ხ. (რაც შეეხება აგარაკთან დაყოვნების დროს, ჩვენებებში დაკონკრეტებული არ არის. მხოლოდ გიგა ტატიაშვილი ამბობს, რომ იქ მყოფი წყვილი ნახა, 5 წუთით საპირფარეშოში შევიდა და თბილისში გასამგზავრებლად მანქანაში ჩაჯდა).
თავად თენგო ბარბაქაძე კი ჩვენებაში ამბობს, რომ მცხეთის აგარაკის ეზოდან მანქანის გამოყვანის შემდეგ ის და ირაკლი მუმლაძე მცხეთის აგარაკთან დილამდე დარჩნენ:
„მე მივედი ჩემს ავტომანქანასთან, რომელიც იქვე, ეზოში მყავდა გაჩერებული. ავტომანქანაზე დავსვი გიგა ტატიაშვილი, რომელმაც ჩემი მანქანა გამოიყვანა ეზოდან და გააჩერა იქვე გზის გვერდულაზე. მე და ირაკლი მუმლაძე დავრჩით იქვე, ჩემს ავტომანქანაში ხოლო სხვები წავიდნენ. რადგანაც მე ვიყავი ნასვამი, საჭესთან არ დავჯექი და ავტომანქანაში დავიძინე, ხოლო სხვები კი წავიდნენ. დილით რომ გათენდა, მე და ირაკლი მუმლაძე ჩვენს საცხოვრებელ სახლში წამოვედით“.
„მერსედესში“ მსხდომთა ჩვენებები აქაც აცდენილია ერთმანეთს. მაგალითად, ნაწილი ამბობს, რომ მცხეთის აგარაკთან 2 პირი დატოვეს. ნაწილი კი ამბობს, რომ აგარაკთან 4 პირი დარჩა:
„მერსედესის“ მგზავრთაგან, თენგო ბარბაქაძეც, ირაკლი მუმლაძეც და ნ.ც.-ც ადასტურებს, რომ მცხეთის აგარაკთან მხოლოდ ორი ადამიანი დარჩა. გიგა ტატიაშვილი კი ამბობს, რომ აგარაკთან 2 პირი დატოვეს და ოთხივე ერთად წამოვიდნენ თბილისში (ჩვენებების მიხედვით კი „მერსედესით“ აგარაკთან 8 პირი მივიდა).
ზემოთ ჩამოთვლილთა მსგავსად მორაგბე ნიკა ჟვანიაც ამბობს, რომ აგარაკთან ორი პირი დატოვეს და დანარჩენები თბილისში წამოვიდნენ, „გამოგვყვა ლ.შ.-ც“.
ამ ჩვენებებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ ამბავს ჰყვება „მერსედესის“ მგზავრი ნ.ქ.:
„გიგა თავისი მერსედესით დაბრუნდა თბილისში ნ.ც.-სთან და გ.მ.-სთან ერთად, მგონი კიდევ ვიღაც იჯდა ავტომობილში, ზუსტად არ მახსოვს. ადგილზე დავრჩით მე, ლ.შ., ირაკლი მუმლაძე და თენგო ბარბაქაძე“.
ნ.ქ. ჩვენებაში აღნიშნავს, რომ თბილისში დაბრუნებას თენგო ბარბაქაძის BMW-ის მარკის ავტომობილით აპირებდნენ, თუმცა „მას შემდეგ, რაც ავტომობილში ჩავჯექით, თენგომ თქვა, რომ ძალიან ცუდად იყო და ვერ შეძლებდა ავტომობილის მართვას, ამიტომ გადაწყვიტა იქვე მიეყენებინა ავტომობილი და გამოეძინებინა. შექმნილ ვითარებაში მე და ლ.შ.-მა გადავწყვიტეთ, ავტოსტოპით დავბრუნებულიყავით თბილისში და ასეც მოვიქეცით“.
გამოდის, რომ გამოძიებას არასწორ ინფორმაციას აწვდიან – ან ნიკა ჟვანია, რომელიც ამბობს, რომ ლ.შ. მათთან ერთად „მერსედესით“ წავიდა თბილისში; ან ნ.ქ., რომელიც ამბობს, რომ ლ.შ. მასთან ერთად დარჩა მცხეთაში და შემდეგ ავტოსტოპით დაბრუნდა თბილისში.
„პუბლიკის“ მიერ მოპოვებულ ჩვენებებს შორის არ არის ლ.შ.-ის ჩვენება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, ზარების ამონაწერით დგინდება, რომ ლ.შ. 01:48:51-ზე ჯერ კიდევ მცხეთაშია და ტელეფონით ესაუბრება „ტოიოტას“ მგზავრს – ვახტანგ ჩიქოვანს. სატელეფონო ამონაწერების მიხედვით, ვახტანგ ჩიქოვანი ასევე მობილურით დაეკონტაქტა „მერსედესის“ ორ მგზავრს – ნიკა ჟვანიასა (00:46 და 00:49 საათზე) და ირაკლი მუმლაძეს (00:49 საათზე).
ნიკა ჟვანია ჩვენებაში ამბობს, რომ მცხეთიდან თბილისში 02:00-02:30 საათის შუალედში დაბრუნდა. მისივე თქმით, ჩხუბის დროს მას თან ჰქონდა ტელეფონი, რომელიც 19 ივნისს გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა. მისი თქმით, სავარაუდოდ, გზაზე თბილისიდან მანგლისის მიმართულებით, როდესაც რამდენიმე სახის ტრანსპორტი გამოიყენა. 22 ივნისს მიცემულ ჩვენებაში ჟვანია ამბობს, რომ 19 ივნისს გაურკვეველ ვითარებაში დაკარგული ტელეფონის შესახებ შესაბამის ორგანოში ჯერ არ განუცხადებია.