მინსკში ლუკაშენკოს წინააღმდეგ აქციაზე ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა

პუბლიკა

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, მინსკში ალექსნდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. დედაქალაქში „თავისუფლების მარშზე“ გამოსული მოქალაქეები არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და გმობენ პოლიციის მხრიდან ძალადობას.

პარალელურად, შედარებით მცირე, ლუკაშენკოს მხარდასაჭერად გამართული აქციის მონაწილეებს ქვეყნის ლიდერმა მოუწოდა, დაიცვან ქვეყნის დამოუკიდებლობა, მან ოპოზიციის მხარდამჭერებს „ვირთხები“ უწოდა.

ლუკაშენკომ პირობა მიიღო რუსეთისგან, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს სამხედრო ძალებით დაეხმარებიან.


ბელარუსში დემონსტრაციები ამ დრომდე გრძელდება. გარდაცვლილია აქციებში მონაწილე 2 დემონსტრანტი. 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ მე-6 ვადით იყარა კენჭი. ის 1994 წლიდან მართავს ბელარუსს. მინსკის ცენტრში მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. დააკავეს ათასობით ადამიანი. ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების თითქმის 80% მიიღო. მთავარი ოპონენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია კი აცხადებს, რომ არჩევნებში 60-70%-იანი მხარდაჭერით თავად გაიმარჯვა და არა ლუკაშენკომ.