NDI: არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება

პუბლიკა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აქვეყნებს ანგარიშს (Georgia Election Watch), რომელიც 2020 წლის 28 ივლისიდან 4 აგვისტოს პერიოდში, პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ხელმძღვანელობით NDI-ის დელეგაციის მიერ ჩატარებული სიღრმისეული ინტერვიუების ანალიზია.

NDI-ის ცნობით, ანგარიში მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაცია; საარჩევნო გარემო; მედიის როლი და დეზინფორმაცია; გენდერი და ინკლუზიურობა და კორონავირუსის ზეგავლენა.

NDI-ის დელეგაცია მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს ესაუბრა. ანგარიში ასევე ითვალისწინებს ინსტიტუტის მიერ საქართველოში საქმიანობის 25 წლის მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას.

პრეზიდენტ დერეკ მიტჩლის განცხადებით, „დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის საქართველოში მყარი საფუძველი არსებობს, თუმცა შემდგომი რეფორმების გარეშე დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობის შემცირების ტენდენცია კვლავ გაგრძელდება. მონაწილე მხარეებმა პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინონ და საარჩევნო პროცესის სამართლიანობა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ“.

ანგარიშის მიხედვით, დამოუკიდებლობის თითქმის 30 წლის განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ მას სანდო არჩევნების ჩატარების ტექნიკური შესაძლებლობები გააჩნია. ასევე, ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად და გზა გაუხსნა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას. „აქედან გამომდინარე, მოქალაქეებს მაღალი მოლოდინი აქვთ, რომ წლევანდელი არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება“, – წერია ანგარიშში.

NDI-ის განცხადებით, გამოწვევად რჩება არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები, რაც, მათი შეფასებით, აძლიერებს პოლარიზაციას და საარჩევნო პროცესისადმი ნდობას ამცირებს.

ორგანიზაცია პრობლემატურ საკითხებს შორის ასახელებს ისეთ თემებს, როგორიცაა: უყურადღებო ან მიკერძოებული აღსრულება, ადმინისტრაციული რესურსებისა და სასამართლო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, დაშინება და შევიწროვება, პერსონიფიცირებული და პოლარიზებული საარჩევნო კამპანია, ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების პროცესიდან გამოტოვება, საინფორმაციო გარემოს დაბინძურება. NDI-ის შეფასებით, ეს ფაქტორები საქართველოს გარე ჩარევების მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ანგარიშში საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციებსაც გასცემს:

  • ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და არჩევნებთან დაკავშირებულმა სხვა სამთავრობო უწყებებმა მაქსიმალურად დროულად და მიუკერძოებლად უნდა აღასრულონ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა კანონი და რეგულაცია;
  • ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რომ საკუთარი საქმიანობა არჩევნების საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად, ყოველგვარი ჩარევისა და დაშინების გარეშე წარმართონ;
  • პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა მოქალაქეების საჭიროებებზე და გადაჭრის გზებზე ორიენტირებული პოლიტიკური პროგრამები უნდა შეიმუშაონ. კამპანიის მონაწილეებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის პარტიათაშორის თანამშრომლობას ან პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას შეამცირებს;
  • პარტიებმა ინკლუზიური და მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული პროგრამები უნდა შეიმუშაონ, სადაც ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებისთვის (ქალების, ლგბტქი ადამიანების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების ჩათვლით) მნიშვნელოვანი თემებიც იქნება ასახული. პარტიებმა ისინი, ასევე, უნდა ჩართონ თავიანთ შიდა პროცესებში და წარადგინონ კანდიდატებად. პარტიებმა და კანდიდატებმა თანასწორობის იდეის მხარდამჭერი და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები უნდა აკეთონ;
  • მედიასაშუალებებს და ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი ლეგიტიმური უფლებები მთავრობის ჩარევისა და შევიწროების გარეშე განახორციელონ. ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მუქარისგან ან ისეთი ნაბიჯებისგან, რაც შესაძლოა მედიის საქმიანობაში პოლიტიკურად მოტივირებულ ჩარევად იქნას აღქმული. მათ შორის იგულისხმება: მედიასაშუალების მფლობელების მიმართ დევნა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებში „სპეციალური მმართველების“ დანიშვნა;
  • ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით, ფეისბუქმა, იუთუბმა და სხვა ონლაინპლატფორმებმა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან უნდა ითანამშრომლონ. ფეისბუქმა დროულად უნდა უპასუხოს ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ წამოჭრილ საკითხებს, რაც კოორდინირებულ არაავთენტურ ქმედებებს უკავშირდება; ასევე აღკვეთოს მიკროტარგეტირება და გააუმჯობესოს ფაქტების გადამოწმების აღმნიშვნელი იარლიყების სისტემა.