გთავაზობთ საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა „დოსიეს“ მოკვლევის სრულ თარგმანს:
როგორ ერევა კრემლი მეზობელი ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში
პირველი ნაწილი: არჩევნები საქართველოში
ბელარუსში მიმდინარე მშფოთვარე მოვლენები, რომლებმაც მთლიანად გადაფარეს სხვა სიახლეები, როგორც ჩანს, კრემლსა და რუსულ სპეცსამსახურებს მოულოდნელად დაატყდნენ თავს. СВР-ის (საგარეო დაზვერვის სამსახური), ГРУ-სა (მთავარი სადაზვერვო სამმართველო) და ФСБ-ის (უშიშროების ფედერალური სამსახური) გარდა, მოძმე რესპუბლიკას „მფარველობს“ პრეზიდენტის საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონებსშორისი და კულტურული კავშირების სამმართველო. ეს სტრუქტურა ესენგეს ქვეყნებში შეიქმნა, ე.წ. „ფერად რევოლუციებთან“ საბრძოლველად, და დღეს მას ხელმძღვანელობს СВР-ის მივლენილი გენერალი, ვლადიმერ ჩერნოვი, სერგეი ივანოვის საახლობლო წრიდან.
ცენტრ „დოსიეს“ განკარგულებაში აღმოჩნდა სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები, ფინანსური ხარჯთაღრიცხვა, წინასაარჩევნო მეთოდურები და ოპერატიული შეჯამება გენერალ ჩერნოვის სამდივნოდან. აქედან შეგვიძლია გავიგოთ, რას წარმოადგენს, ე.წ. „რბილი ძალა“ (soft power) კრემლის მონაწილეობით: როგორ „ავერბოვკებენ“ პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებსა და ჟურნალისტებს მოსაზღვრე ქვეყნებიდან, ხოლო მოსკოვიდან გამოგზავნილ ინსტრუქციებში დაწვრილებითაა აღწერილი, როგორ უნდა ააგოროს საპროტესტო განწყობა პრორუსულმა ოპოზიციამ, მოაწყოს პროვოკაციები და რომელ მტკივნეულ თემაზე ღირს პედალირება.
დღევანდელი ამბავი – საქართველოს შესახებაა, სადაც ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, კრემლი ფსონს ირმა ინაშვილსა და დავით თარხან-მოურავზე დებს, რომლებიც „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ (АПГ) ხელმძღვანელობენ. ალიანსის წევრები მონდომებით აკრიტიკებენ ხელისუფლებას და ითხოვენ, საქართველომ შეზღუდოს კონტაქტები ნატოსა და აშშ-სთან. უკვე შედგენილია მრავალმილიონიანი წინასაარჩევნო ბიუჯეტი და დამონტაჟებულია სააგიტაციო ვიდეორგოლები, ხოლო გაპიარებისთვის პატრიოტთა ალიანსს აყვანილი ჰყავს პოლიტექნოლოგი – სერგეი მიხეევი და მოსკოვის კომპანია POLITSECRETS. თვითონ მიხეევს კი კურატორობენ გენერალ ჩერნოვის დაქვემდებარებაში მყოფი – ფეესბეს სათადარიგო პოლკოვნიკი ვალერი მაქსიმოვი და ГРУ-ის ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი.
ისევე როგორც რუსეთში, საქართველოშიც კანდიდატებსა და პარტიებს ეკრძალება უცხოური კომპანიებისგან, საერთაშორისო და რელიგიური ორგანიზაციებისგან , მოძრაობებისგან, სახელმწიფო დაწესებულებებისგან, უცხოელი მოქალაქეებისგან, ასევე ანონიმური სპონსორებისგან შემოწირულობის მიღება.
ამასთან, დოკუმენტების თანახმად, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში პოლიტექნოლოგმა სერგეი მიხეევმა „სტარაია პლოშადზე“ გამოაგზავნა (на Старую площадь) „პატრიოტთა ალიანსის“ გაპიარების წინასწარი გეგმა. აი რამდენიმე ამონაწერი: „„პროექტის საერთო ღირებულება – 700 ათასი დოლარია. ღირებულებაში შედის პროექტის ყველა სახის ხარჯი, მათ შორის გადაფრენები, ტრანსპორტი, ღამის გატარება, ყოველდღიური ხარჯები და სხვა. თუკი მიმღები ქვეყანა მზად არის საკუთარ თავზე აიღოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხების ნაწილი, ეს შესაძლებელია განვიხილოთ სხვა ვითარებაში, ხარჯთაღრიცხვის შემცირების შესაძლებლობით. მუშაობა მიმდინარეობს მოსკოვში ავანსის გადახდის უზრუნველყოფის პირობით.
მნიშვნელოვანია!!! ჯგუფის მეორე ტურტში მაჟორიტარულ ოლქებში მონაწილეობა (ასეთ აუცილებლობის შემთხვევაში) არ შედის ხარჯთაღრიცხვაში და უნდა განიხილებოდეს ცალკე“.
სერგეი მიხეევი თავს დამოუკიდებელ პოლიტოლოგად და მეზობელი ქვეყნების სპეციალისტად მოიხსენებს. 2010 წელს მან დააარსა კასპიის თანამშრომლობის ინსტიტუტი, რომლის ერთადერთი შემკვეთია რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო საქმეების სამმართველო – სწორედ მან გადაუხადა ინსტიტუტს მილიონი რუბლი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიხეევს, სახელმწიფო პროპაგანდისტთან ვლადიმერ სოლოვიოვთან ერთად «России-1»-ზე მიჰყავდა ტელეგადაცემა. ერთხელ კი მან მოაწყო ცემა-ტყეპა პოლონელ ჟურნალისტ ტომაშ მაცეიჩუკთან ტელეპროგრამა „ხმის უფლების“ (ТВЦ) ჩაწერის დროს. 2014 წელს ლიტვის ინიციატივით ევროკავშირში მიხეევი პერსონა ნონგრატად გამოაცხადეს.
პატრიოტთა ალიანსის ლიდერებს, ირმა ინაშვილსა და დავით თარხან-მოურავს, საქართველოში საკმაოდ კარგად იცნობენ. 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებისას ჟურნალისტმა მკაცრი განცხადება გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, როცა გლდანის ციხის ძალადობისა და წამების ვიდეო-კადრები გამოაქვეყნა. სკანდალი აღმოჩნდა ხმაურიანი, მას მოჰყვა მთელი რიგი გარემოებები და, ექსპერტების შეფასებით, მაშინ ენმ-მა ამომრჩეველთა ხმების 11% დაკარგა.
ირმა ინაშვილს მიჰყავს გადაცემა „ჯადოსნური ყუთი“, სადაც ხელმოკლე ოჯახებს გადასცემენ პრიზებსა და საჩუქრებს, 700$-დან 1000$-მდე. მიხეევთან წინასაარჩევნო სტრატეგიის განხილვისას ქართველმა პარტიელებმა დაადასტურეს, რომ „მთელი ეს სიუჟეტები არჩევნებამდე საკმარისი იქნება. ისინი იტრიალებს ივლისში, აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში“. რაზეც მიხეევმა უპასუხა: „ვშიშობ, რომ ეს სექტემბერსა და ოქტომბერში აღქმული იქნება, როგორც ამომრჩეველთა მოსყიდვა (ყოველ შემთხვევაში, კანონმა, რომელიც თებერვალში გამოიცა, ეს შეიძლება დააკვალიფიციროს, როგორც მოსყიდვა), კონსულტაცია გაიარეთ იურისტთან“.
მეორე ოპოზიციონერი, დავით თარხან-მოურავი – ძველი თავად-აზნაურობის, და მისი განცხადებების თანახმად, საქართველოში თავად-აზნაურთა წინამძღოლთა გვარის წარმომადგენელი – 2 000-დან 2003 წლამდე ხელისუფლებაში მუშაობდა. სამსახურიდან „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ წავიდა. 2003 წლის დასასრულს, ირმა ინაშვილთან ერთად მან დააარსა ჟურნალისტების კავშირი „ობიექტივი“, ხოლო 2007 წლიდან ხელმძღვანელობდა „წინააღმდეგობის“ მოძრაობას, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. 2012 წლის დეკემბერში დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა შექმნეს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.
რუსეთის ფედერაციის სამისამართო ბაზის მიხედვით, თავადაზნაურთა წინამძღოლის მეუღლე კარინა და შვილები – იორამი და ნინო, დიდი ხანია, რაც მოსკოვში ცხოვრობენ და ბიზნესით არიან დაკავებული. მოსკოვში ოჯახთან ერთად ცხოვრობს ოპოზიციონერის ღვიძლი ძმაც – კომპოზიტორი და მუსიკოსი გიორგი თარხან-მოურავი, რომელსაც შემოქმედებით ფსევდონიმად აღებული აქვს Goga TM.
2014 წლის თებერვალში Goga სისხლის სამართლის დანაშაულის ფიგურანტი იყო, რომელიც თაღლითობას შეეხებოდა. შინაგან საქმეთა სამმართველოს მოსკოვის ჩრდილოეთ ადმინისტრაციული ოლქის ოპერატიული მასალებით ირკვევა, რომ თარხან-მოურავმა დაამზადა ქორწინების ყალბი მოწმობა მოსკოველ ქალთან, რომელიც ერთი წლით ადრე უკვე გარდაცვლილი იყო და მემკვიდრეობის უფლების გამოყენებით შეეცადა, ხელში ჩაეგდო მისი ბინა. თუმცა ის სამართალდამველებმა დააკავეს. ცენტრი „დოსიე“ დაუკავშირდა მუსიკოსს, თუმცა მან განაცხადა, რომ პირველად ესმის სისხლის სამართლის ამ საქმის შესახებ. მოიმიზეზა, რომ დაკავებული იყო და საუბარი აღარ გაუგრძელებია.
ინაშვილი და თარხან-მოურავი მხარს უჭერენ რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობას, ტელეკამერების წინ შიმშილობენ, კრებენ ხმაურიან მიტინგებს თბილისში აშშ-ის საელჩოსთან, პროტესტს უცხადებენ სოროსის ფონდს, ითხოვენ, რომ დაიხუროს ამერიკული არაკომერციული ორგანიზაციების ფილიალები – საერთაშორისო ურთიერთობების ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI). ერთი წლის წინ ქალბატონი ინაშვილი დაუპატიჟებლად გამოცხადდა საერთაშორისო კონფერენციაზე – „Now What?“, სადაც განიხილებოდა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში შესვლის პერსპექტივები და მოითხოვა სიტყვა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა მას შენობის დატოვება მოსთხოვა. ეს შეხლა-შემოხლა ახალმა ამბებმა გააშუქეს. დარბაზში მყოფმა Le Figaro-ის კორესპონდენტმა იზაბელ ლასერმა ის „ბაბა იაგას“ შეადარა.
2019 წლის ივლისში „პატრიოტთა ალიანსის დელეგაცია კიდევ ერთხელ ჩავიდა მოსკოვში და შეხვდა სენატორ კონსტანტინ კოსაჩევსა და სახელმწიფო დუმის დეპუტატ ლეონიდ კალაშნიკოვს. ვიზიტი განიხილებოდა თითქმის როგორც ოფიციალური და ფართოდ შუქდებოდა ფედერალურ ტელეარხებზე.
31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება განახლებული საარჩევნო სისტემით: 120 დეპუტატი აირჩევა პარტიული სიით, ხოლო 30 – მაჟორიტარული ოლქების მიხევდით. გარდა ამისა, პარტიის პარლამენტში შესვლის ბარიერმა დაიწია და ახლა შეადგენს არა სამ, არამედ მხოლოდ ერთ პროცენტს.
სიხარბისა და შუღლისა გაღვივება რიგით ამომრჩევლებში
როგორც ჩანს, 700 000$ პოლიტექნოლოგების მომსახურებისთვის გამოიძებნა, რომლის შესახებაც ლაპარაკობდა მიხეევი და საქმეც დაიძრა. ქართველმა ოპოზიციონერებმა მოსკოვში გაგზავნეს საარჩევნო კამპანიის ოთხი თვის ბიუჯეტი. მხოლოდ სუვენირული პროდუქციისთვის ისინი მზად არიან გადაიხადონ 166 667$, ხოლო საერთო ხარჯები შეადგენს 8 430 625$-ს, რაც ღარიბი საქართველოსთვის უზარმაზარი თანხაა.
როგორც ქაღალდებიდან ჩანს, „პატრიოტთა ალიანსის“ გაპიარებით დაკავებულია უშუალოდ მოსკოვის კომპანია POLITSECRETS, რომელსაც ხელმძღვანელობს ვერა ბლაშენკოვა – პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი და თანაავტორი წიგნისა „როგორ ვმართოთ ქალები“. მისი მიღწევების ჩამონათვალში, როგორც ვებგვერდ POLITSECRETS-ზეა მითითებული, წარმატებული საარჩევნო კამპანიებია «პოდ კლიუჩ» რუსეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, უკრაინაში. 2014 წელს მოსკოვის გოსდუმაში „ედინოროსების“ დიდი ჯგუფი შეიყვანეს. ფირმის საიტზე წაიკითხავთ ბლაშენკოვას მიმართ გოსდუმის რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატის, სერგეი ჟიგარევის, მოსკოვის გოსდუმის სპიკერის „ედინოროსი“ ალექსეი შაპოშნიკოვისა და იმავე მიხეევის უამრავ საქებარ გამოხმაურებას.
ბლაშენკოვას გამოგზავნილ ინსტრუქციებში დაწვრილებითაა გაწერილი, როგორ უნდა იმუშაოს „ალიანსმა“ ელექტორატთან, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია თავისი არჩევანი, როგორ გააღვივოს საპროტესტო განწყობები და წაართვას ხმები „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „ერთიან საქართველოს“. მაგალითად, მეთოდურში „სტრატეგია“ „საპროტესტო განწყობების“ გრაფაში ვკითხულობთ:
„საპროტესტო განწყობების შენარჩუნება ნიშნავს, რომ ჩვენს ინტერესებში შედის საზოგადოებრივი უკმაყოფილების ზრდა, მაშინაც კი, როცა ეს ასევე მომგებიანია ენმ/ეს-სთვის და არამომგებიანია „ქართული ოცნებისთვის“. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს მიმდინარე პრობლემების შესახებ (რასაც აკეთებენ „პატრიოტული ალიანსის“ წევრები) + ვსაუბრობთ მომავალ პრობლემებზე და სიტუაციის შესაძლო გამწვავებაზე, თუ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის (ხელისუფლებაში დარჩება „ქართული ოცნება“), ან ხელისუფლებას ისევ ჩაიგდებს ხელში ენმ/ეს ამერიკელებთან შეთანხმების მიხედვით.
მაგალითი: თუ ჩვენ არ შევცვლით პოლიტიკურ სისტემას, უკვე საახალწლოდ ჩვენ გველოდება უმუშევრობის ზრდა და მოსახლეობის გადინება. ქართველები ისევ იქცევიან არალეგალ მიგრანტებად ევროპის კავშირში.
მაგალითი: თუ ხელისუფლებაში მოვა ენმ/ეს, რუსეთი ტურნაკადს თურქეთისკენ მიმართავს, წაახალისებს სოხუმის ნაბიჯებს და უბიძგებს ცხინვალს დისტანცირებისა და რუსეთის ფედერაციაში შესვლისკენ.
მაგალითი: ამერიკელებისგან მატერიალური დახმარების მისაღებად, მათი მომხრეები დასთანხმდებიან ბავშვებზე ექსპერიმენტს „ადრეული სექსუალური აღზრდის“, ლგბტ თემის მიმართ ტოლეტანტული დამოკიდებულებისა და სხვა კუთხით. (როგორც ვიცით, ეს უკვე ხდება).
როგორც თავიდან „სიხარბისა და შუღლისა გაღვივება რიგით ამომრჩევლებში“ ჩანს, პოლიტოლოგები ცდილობენ იმოქმედონ ქართველი ხალხის ემოციებზე:
მაგალითი: მოვუყვეთ „ერთიანი საქართველოს“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შესახებ. რას ჭამენ ისინი, რას სვამენ, რას იცვამენ, რა მანქანებით დადიან, სად ისვენებენ, სად სწავლობენ მათი შვილები, რა ჯდება სკოლებში მათი კვება, საავადმყოფოებში მათი მკურნალობა, სიცოცხლისთვის აუცილებელი საკვები პროდუქტების შეძენა. მოვუყვეთ, მათი საბანკო ანგარიშების შესახებ, რა ჯდება მათი სამკაულები, მათი ანტიკვარიატი, სურათები. მოსახლეობის საერთო სიღარიბის ფონზე გამუდმებული შედარების გზით მოახდინეთ მათი ქონების დემონსტრაცია: მათი მხოლოდ ავტომობილის სალტე გამყიდველის ნახევარი წლის ხელფასია, ხოლო მათ შესასვლელში მდგარი ანტიკვარული მაგიდა რიგითი მოქალაქის სახლის ფასს უტოლდება.
ნაწილში „ელექტორატის გახლეჩვა“ მოსკოველი ინსტრუქტორები ასწავლიან, როგორ უნდა მიაყენო ჩრდილი სხვა პარტიის ოპონენტებს:
„მიუხედავად სპოილერების უქონლობისა, ჩვენთვის უკიდურეასად მნიშვნელოვანია, შუამავლების მეშვეობით გავაღვივოთ კონფლიტი და გამოვიწვიოთ განხეთქილება ჩვენს ოპონენტებს შორის, მით უმეტეს, რომ ისინი გაერთიანებული არიან კოალიციაში. ეს შეიძლება გაკეთდეს უმნიშვნელო ფაქტებზეც, პარტიისა და მათი ლიდერების ცნობადობის გაზრდის გარეშე. ჩვენი ამოცანაა გავატაროთ ცხოვრებაში საკვანძო აზრი – ოპონენტები აგრესიული არიან და აგრესიას იწვევენ, მათ არ აქვთ მოლაპარაკების უნარი, ისინი ვერ იტანენ ერთმანეთს და ნებისმიერ მომენტში გიღალატებენ. საჭიროა ამომრჩეველების თვალში გაუფასურდეს მათი მოლაპარაკებები. უნდა ვიმოქმედოთ არაპირდაპირ, არამედ ირიბად, დავმალოთ მათი ზნეობრიობა, ფასეულობები, მრწამსი”.
POLITSECRET-ის თანამშრომლები არ შემოისაზღვრნენ რჩევებით და „პატრიოტთა ალიანსისთვის“ შექმნეს წინასაარჩევნო ვიდეორგოლი, რომელიც ქართულ ტელევიზიაზე უნდა ატრიალონ: ზარის ხმისა და შფოთვისმომგვრელი მუსიკის ფონზე საქართველოში უმუშევრობისა და კრიმინალის ამსახველი ციფრები ციმციმებენ. მოსკოველების ჩანაფიქრით, ვიდეო-რგოლმა ქართველ რიგით ამომრჩეველს უნდა შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსი“ ზრუნავს უბრალო ხალხზე და შეუძლია გადაჭრას ქვეყნისთვის მტკივნეული საკითხები.
საინტერესოა, რომ ბლაშენკოვა ითხოვს, მოსკოვში გაიგზავნოს მონაცემები იმ ხალხისა, რომლებიც ღიად ან ფარულად უჭერენ მხარს „პატრიოტთა ალიანსს“ (ფოტო, პროფესია, მოღვაწეობის სფერო და ა. შ.). შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რა მიზნით კეთდება ეს, მაგრამ ოპოზიციონერებმა უარის თქმა ვერ გაბედეს და გააგზავნეს პირველი 15-კაციანი სია. მათ შორის არიან თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გენერალ-ლეიტენატი გურამ ნიკოლაიშვილი, პოლიციის გენერალი ავთო ენუქიძე, კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრი ფრიდონ ინჯია და ეროვნული კოსმოსური სააგენტოს პრეზიდენტი დავით ზილფიმიანი, რომლის თანამონაწილეობა კრასნოდარის ყოფილი მოსამართლის ელენა ხახალევას ყალბი დიპლომის გაცემის სკანდალურ ისტორიაში გამოაშკარავდა.
სომხეთიდან კლიენტების სახით „დოსიეს“ ჟურნალისტები POLITSECRETS-ს დაუკავშირდნენ: კომპანიში განაცხადეს, რომ დაშვებულია მომსახურების გადახდა ონლაინსისტემით Robokassa. Спарк-ის მიხედვით, შშპ „რობოკასსა“, შოტლანდიაში რეგისტრირებულმა Paysend Group Limited-მა დააარსა, სათავო კომპანია Digital Space Ventures კი ლუქსემბურგშია. საგადასახადო სისტემის სათავეში იდგა ლიცენზია ჩამორთმეული, „ოკეან ბანკის“ ყოფილი აქციონერი, სერგეი პოლიანსკი.
„სტარაია პლოშადის“ კურატორები
როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, ქალთა ფსიქოლოგსა და პოლიტექნოლოგს ვერა ბლაშენკოვას მუდმივი კონტაქტი აქვს ვინმე ანანოსთან თბილისიდან და კონსულტაციას უწევს მას „ალიანსის“ საარჩევნო კომპანიის საკითხებთან დაკავშირებით. ბლაშენკოვა აჩქარებს მას, ნერვიულობს და ადანაშაულებს „პატრიტთა ალიანსის“ ხელმძღვანელობას შენელებულ საქმიანობასა და ცუდ კომუნიკაციაში. ანანო იძულებულია თავი იმართლოს:
„პატივცემულო ვერა, გწერთ ჩემი სახელით. არ არის საჭირო ასეთი მრისხანე წერილების წერა ხელმძღვანელობის მიმართ. მე შეგიძლიათ ასე მომწეროთ, ოღონდ არა მათ. ამ პარტიის ხელმძღვანელობა ასეთი ხალხი არ არის… ისინი სხვანაირი არიან. მით უმეტეს, რომ ხელმძღვანელობას მოეწონა თქვენი ნამუშევარი. მხოლოდ ამ ხალხს შეუძლია მიტინგის მოწყობა ქვეყანაში, და თუ არ ხდება ინფორმაციის გაცვლა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი კეთდება. არ არის საჭირო უფსკრულის შექმნა ჩვენ შორის. ასე შეიძლება ბევრი რამ გაფუჭდეს“.
ამ მიმოწერას ბლაშენკოვა აგზავნის მიხეევთან. ის კი, თავის მხრივ, მას უგზავნის ამიერკავკასიის კრემლის კურატორებს – რეგიონთაშორისი და საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული კავშირების დაგეგმარების სამმართველოს დეპარტამენტის უფროსს, ფეესბეს სათადარიგო პოლკოვნიკს – ვალერი მაქსიმოვს და მისს მოადგილეს, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცერს – ვალერი ჩერნიშოვს.
ახლო საზღვარგარეთთან ურთიერთობის სამმართველო ვლადიმირ პუტინის მიერ 2005 წელს, „ფერადი რევოლუციების“ წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა. აქ საკვანძო თანამდებობები უჭირავთ ადამიანებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურიდან, დაზვერვის მთავარი სამმართველოდან, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურიდან. „დოსიეს“ აქვს მაქსიმოვის და ჩერნიშოვის რეზუმეები, რომლებიც მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარადგინეს.
პოლკოვნიკი მაქსიმოვი თავის რეზუმეში აღნიშნავს, რომ :
„უწყების ექსპერტების ჯგუფის შემადგენლობაში მსახურების პერიოდში არაერთხელ გამიკეთებია ორგანიზება და მონაწილეობას ვიღებდი მოლაპარაკებებში უცხოელ პარტნიორებთან ავღანეთში, უნგრეთში, გერმანიაში, დანიაში, პოლონეთსა და შვედეთში. 1998- 2001 წლებში ვიყავი ბალტიის ზღვის ქვეყნების საბჭოს ოპერატიული კომიტეტის ექსპერტი“.
საქართველოს ოპოზიციის მეორე კურატორის, ვალერი ჩერნიშოვის „დახასიათებიდან“ ცნობილი ხდება, რომ 2003 წელს მან წარჩინებით დაამთავრა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო უნივერსიტეტის საზღვარგარეთის სამხედრო საინფორმაციო ფაკულტეტი. გაიარა სტაჟირება კოსოვოში, მსახურობდა ტაჯიკეთსა და აფხაზეთში. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამსახურის დაწყებამდე ასწავლიდა სპეცსაგნებს მტავარი სადაზვერვო სამმართველოს ბაზაზე, მოსკოვთან მდებარე ზაგორიანსკის დასახლებაში. (ს/ნ 36360)
მაქსიმოვი და ჩერნიშოვი უშუალოდ ექვემდებარებიან საზღვარგარეთ ქვეყნებთან კავშირის სამმართველოს უფროსს, ესვეერის გენერალ ვლადიმირ ჩერნოვს, რომელიც პუტინის მეგობარ სერგეი ივანოვთან დაახლოებული პირია.
1977 წელს პეგეუ კაგებეს ოფიცერი ჩერნოვი მივლინებული იყო ინგლისში, სადაც მუშაობდა ხორბლის საერთაშორისო საბჭოს მფარველობის ქვეშ. შემდეგ ის გადაიყვანეს ჰელსინგში, სადაც ჯაშუშობდა ვაჭრობის წარმომადგენლის სახეს ამოფარებული. ამავე დროს ფინეთის რეზიდენტურაში მსახურობდა სერგეი ივანოვი და ამ ნაცნობობამ განსაზღვრა ჩერნოვის შემდგომი ბედი. გენერალი არის საბჭოთა დაზვერვის ლეგენდის, კიმ ფილბის ფონდის წევრი და შედის „რუსკი მირის“ ფონდის გამგეობაში, რომელსაც ხელმძვანელობს ნარკომ მოლოტოვის შვილიშვილი და „რუსკაია ვესნას“ ერთ-ერთი იდეოლოგი, ვიაჩესლავ ნიკონოვი.
იმავე დოკუმენტებიდან ჩანს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ინფორმაციული მხარდაჭერისათვის ჩაირთო მოსკოვის მიერ დაფინანსებული „სპუტნიკ გრუზია“, საინფორმაციო სააგენტო „ევრაზია დეილი“, ახალი ამბების სააგენტო „რეგნუმი“ და პოლიტოლოგიური ცენტრი „სევერ-იუგ“, ანჟელიკა ტრაპეზნიკოვას ხელმძღვანელობის ქვეშ. ის ყოველკვირეულად აგზავნის ანგარიშს „სტარაია პლოშადზე“ და კრემლის კორპორაციული შეხვედრების ხშირი სტუმარია, სადაც სიამოვნებით პოზირებს კურატორ მაქსიმოვთან და მიდ ერფეს წარმომადგენელ მარია ზახაროვასთან ერთად.
ამასთან, „ედისონ რესერჩის“ ბოლო გამოკითხვების თანახმად, „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ პოზიტიურად განწყობილია ქართველი ამომრჩევლების 29% , ნეგატიურად – 71% . დავით თარხან-მოურავს დადებითად აფასებს მხოლოდ 3%, ირმა ინაშვილს კი პრემიერ-მინისტრის სავარძელში ხედავს რესპონდენტების 2%.
ცენტრმა „დოსიემ“, ფინანსური ანგარიშები და წინასაარჩევნო სახელმძღვანოები აჩვენა ცნობილ პოლიტექნოლოგს, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა:
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხვდებოდით, რომ მიხეევი მუშაობდა კრემლზე, მაგრამ არ ვიცოდით, ვინ კურირებდა მას. ახლა ყველაფერი სავსებით ნათელი და გასაგებია. არჩევნების შესახებ შემიძლია ვთქვა: ახლა საქართველოს პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსიდან“ არის მხოლოდ 6 წარმომადგენელი, საუკეთესო შემთხვევაში გავა 10 ადამიანი და ეს ამინდს ვერ შეცვლის. რა საჭიროა ნულოვან პარტიაში მილიონობით დოლარის ჩადება? ეს ჰგავს სპონსორების ფულის ბანალურ მითვისებას. საინტერესოა, ვინ აფინანსებს ქართველ ოპოზიციონერებს და რა როლი მიუძღვით ამაში მიხეევის კურატორებს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან“.
საქართველოს არჩევნების გარდა, მიხეევი ბელორუსის მოვლენებშიც ჩართეს. მისი ადრინდელი განცხადების თანახმად – რადიო „ვესტი ეფემზე“ და „სალავიოვ ლაივ“-ზე. თავდაპირველად პოლიტექნოლოგს ამოცანად დაუსახეს, გაეკრიტიკებინა ალექსანდრე ლუკაშენკო, ამას ნათლად მეტყველებს მისი გამოსვლების სათაურები: „ლუკაშენკოს თავს წააძრობენ“, „ლუკაშენკო მოქმედებს უნამუსოდ“, „ლუკაშენკოს ფანტომური ტკივილები“. მაგრამ მერე გადაითამაშეს სიტუაცია და ახლა იმუქრებიან ქარხნების დახურვით, უმუშევრობითა და ნატოს ჯარისკაცებით.
ცენტრ „დოსიეს“ შემდგომ პუბლიკაციებიდან თქვენ შეიტყობთ, როგორ მუშაობენ პრეზიდენტის სამმართველოს რეგიონთაშორისი და საღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული კავშირების თანამშრომლები კავკასიაში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში პრორუსული გავლენის მქონე აგენტებთან; რა მეტსახელი მისცეს კრემლში მოლდოვის პრეზიდენტ იგორ დოდონს; რატომ დაადეს შავი დაღი ნურსულთან ნაზარბაევს; და ვინ ადევნებს პერსონალურად თვალ-ყურს სომხეთის ლიდერ ნიკოლო პაშინიანს.
თარგმანი: ნათია ორმოცაძე; ინგა სოხაძე