ალექსეი ნავალნის მოწამვლის სიმპტომები მცირდება და მისი სიცოცხლისთვის სერიოზული საფრთხე აღარ არსებობს – ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნავალნის პრესსმდივანი კირა იარმიში ავრცელებს ინფორმაციას.
მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ნავალნის ექიმები ჯერ კიდევ არ აკეთებენ პროგნოზს.
„ალექსეი ნავალნი ჯერ კიდევ კომაშია და არის ხელოვნურ სუნთქვაზე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მოწამვლის სიმპტომები მცირდება. ახლა სიცოცხლისთვის სერიოზული საფრთხე აღარ არსებობს. ამის მიუხედავად, ექიმები მაინც არ აკეთებენ პროგნოზებს“, – განაცხადა პრესსმდივანმა.
რუსი ოპოზიციონერი, ბლოგერი, ანტიკორუფციული მოძრაობის წევრი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა.
21 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაცია Cinema for Peace-მა კომაში მყოფი ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ გადასაყვანად რუსეთში სასწრაფო დახმარების თვითმფრინავი გააგზავნა. ომსკის საავამდმყოფოს ექიმები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ ალექსეი ნავალნის მდგომარეობა კრიტიკული იყო და მისი გერმანიაში გადაყვანა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო. ომსკის საავადმყოფოს ექიმების დიაგნოზის მიხედვით, რუსი ოპოზიციონერს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ჰქონდა.
მოგვიანებით, ექიმებმა გერმანელ სპეციალისტებს ნავალნის გადაყვანის უფლება მისცეს და ის შაბათს, 22 აგვისტოს ომსკის საავადმყოფოდან გერმანიაში გადაიყვანეს.
გერმანიაში, კლინიკა Charité-ის ექიმებმა დაადასტურეს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოწამლეს.