სტატიები იბეჭდება დღეში ასიათასობით. თუ ელემენტარული მტკიცებულება იქნება, შესაბამის ზომებს მიიღებენ - მდინარაძე „პატრიოტებზე“

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, მხოლოდ გამოქვეყნებული სტატია შესაძლოა საკმარისი არ იყოს გამოძიების დასაწყებად და მნიშვნელოვანია, არსებობდეს მტკიცებულება. ასეთის არსებობის შემთხვევაში კი, მისი თქმით, შესაბამისი უწყებები გამოძიებას დაიწყებენ.

„არამხოლოდ პატრიოტთა ალიანსზე, არამედ ნებისმიერ ადამიანსა და პარტიას, რომელსაც შეიძლება დაუდასტურდეს რაიმე ელემენტარული ფაქტი, მხოლოდ გამოქვეყნებული სტატია ამისთვის შეიძლება საკმარისი არ იყოს, მაგრამ მტკიცებულების სახით ელემენტარული პატარა ფაქტიც რომ გაჩნდეს, რომელიც გარკვეული მოქმედების საფუძველი შეიძლება გახდეს, ბუნებრივია ამას არავინ მოერიდება. უბრალოდ ხშირად ისმის სპეკულაციური შეკითხვები – გამოქვეყნდა სტატია, სტატიები იბეჭდება დღეში ასიათასობით და ათიათასობით. მარტო ჟურნალისტის რაღაც სტატიაზე, მის წარმოადგენაზე, ან განცხადებაზე რომ გამოძიება დაიწყოს, ამაში იქით დაგვდებენ ბრალს. შეიძლება მართლებიც იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანასთან არ არიან მართლები. ამიტომ აქაც სპეკულაციის სივრცე რომ არ დავტოვოთ, თუკი რაიმე ელემენტარული მტკიცებულება იქნება, მე დარწმუნებული ვარ, შესაბამის ზომებს მიიღებენ და შესაბამისი ორგანოები შესაბამის რეაგირებას დაიწყებენ. მაგრამ დღეს ზოგადად პოლიტიკური განცხადება შეგვიძლია გავაკეთოთ – არ გვიკვირს ამ ხალხისგან რუსულ წრეზე ტრიალი და რუსული კონტაქტები. არანაკლებ საშიში არიან ის ადამიანები, რომლებიც აშკარა რუსულ პოზიციებს აფიქსირებენ და ის ადამიანები, რომლებიც არ აფიქსირებენ, მაგრამ რუსულ საქმეს აკეთბენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გუშინ პროკურატურამ „პატრიოტთა ალიანსზე“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე შესული განცხადება განსახილველად აუდიტის სამსახურს გადაუგზავნეს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

„მათ შორის, აუდიტის სამსახური უფლებამოსილია,  შეამოწმოს პარტიის ფინანსების კანონიერება და მოახდინოს რეაგირება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაზე. ხოლო საამისო საფუძვლის არსებობისას გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სანქციები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გენერალურ პროკურატურაში შემოსული ზემოაღნიშნული განცხადება, შემდგომი რეაგირებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გადაიგზავნება”, – ნათქვამია განცხადებაში.

„პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ მიმართა.