კორუფციის თემაზე დამოუკიდებელმა დეპუტატებმა პარლამენტში ინიციატივა წარადგინეს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, ირინე ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და ნინო გოგუაძემ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირეს.

როგორც დეპუტატები ამბობენ, კანონპროექტის მიზანი კორიფციასთან ბრძოლის დამოუკიდებელი ინტიტუციური მექანიზმის შექმნაა. შესაბამისად, წარდგენილი კანონპროექტი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს.

„ჩვენ წარვუდგინეთ პარლამენტს ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შედგება 30 კანონისგან, რამდენიმე ასეული გვერდია მოცულობაში და გულისხმობს კორუფციასთან ბრძოლის სამი მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას. ერთი არის კორუფციული დანაშაულების გამოძიება, მეორე არის არჩევნების პერიოდში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კონტროლის რეფორმა და მესამე არის თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის თემა.

ამ ინიციატივის თანახმად, როგორც ევროპარლამენტი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან იყო რეკომენდაცია საქართველოს მიმართ, ამ მიმართულებით კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუტები უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი, მაღალი ლეგიტიმაცის და სამივე თემას: პოლიტიკურ დაფინანსებას, კორუფციული დანაშაულების გამოძიებას და თანამდებობის პირების შემოსავლების დეკლარაციების კონტროლს უნდა ახდენდეს დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც არის ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო,“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.