პარტიებმა საარჩევნო პლაკატები წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში უნდა განათავსონ - კალაძე

პუბლიკა

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტმა საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები განსაზღვრა, რომლებიც დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს უკვე გადაეგზავნა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება. საარჩევნო კამპანია იწყება. ამიტომ, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტმა საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები განსაზღვრა, რომლებიც დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს უკვე გადაეგზავნა. დამტკიცების შემდეგ, აღნიშნული ნუსხა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეგზავნება. დოკუმენტში მოცემულია ადგილები, თუ სად შეიძლება პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო პლაკატები განათავსონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, რომ საარჩევნო პლაკატები მხოლოდ მისთვის განსაზღვრულ ადგილებში განათავსონ.

„მინდა, მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, იხელმძღვანელონ დამტკიცებული დოკუმენტით. ქალაქში შესაბამისი ადგილებია გამოყოფილი. დადგენილებით განსაზღვრულია, სად შეიძლება საარჩევნო პლაკატების განთავსება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არანაირი სურვილი არ გვაქვს, პოლიტიკური პარტიები დავაჯარიმოთ, მაგრამ თუ ვინმე კანონს დაარღვევს, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს. ყველამ ერთად უნდა გავუფრთხილდეთ ქალაქს, ვიზრუნოთ ქალაქის ვიზუალსა და სისუფთავეზე. შესაბამისად, ჩემი თხოვნა იქნება, იხელმძღვანელოთ ამ დოკუმენტით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მან დედაქალაქის მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, დარღვევების შემთხვევაში დროულად მოახდინონ კანონის შესაბამისი რეაგირება.