„პატრიოტთა ალიანსის“ ნაჩუქარ ხატს უკან აბრუნებენ - ხატი ენგურის ხიდთან მიიტანეს

პუბლიკა

პარტია „პატრიოტთა ალიანის“ წევრების მიერ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ილორის ტაძრისთვის ნაჩუქარი ხატს უკან აბრუნებენ. ორგანიზაცია „არუაას“ წარმომადგენლებმა დღეს ხატი ილორის ტაძრიდან გამოიტანეს და ენგურის ხიდთან, დე ფაქტო სასაზღვრო პუნქტში დატოვეს. ამის შესახებ apsnypublic.ru წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ორგანიზაცია „არუაას“ წარმომადგენელი ამბობს, რომ მათ ე.წ. საზღავრთან დატოვეს ხატი და ქართულმა მხარემ უნდა გადაწყვიტოს გადაიტანენ თუ არა მას  საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

27 აგვისტოს „აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ“ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ეკლესია ქართველი დეპუტატის გადაცემულ ხატზე უარს ამბობს და უკან აბრუნებს.

„აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩევლის მონაწილეობით, ქართველ დეპუტატთა მიერ ჩამოტანილ ხატს არ იღებს და უკან უბრუნებს ქართულ ეკლესიას.

ეს მისია აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლის ინფორმირების  გარეშე განხორციელდა. მსგავსი ქმედებები მიუღებელია აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარებამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.