20 ივნისს აქციაზე დაკავებულმა ზურაბ ბუდაღაშვილმა დღეს სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მას პენიტენციალურ დაწესებულებაში ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ.
როგორც ის ჰყვება, მასთან ორი პირი გლდანის ციხეში რამდენჯერმე იყო შესული. ისინი მისგან მუქარის საშუალებით ცდილობდნენ პოლიტიკოსების წინააღმდეგ ჩვენება მიეღოთ. ზურაბ ბუდაღაშვილის თქმით, მას შეუძლია დაასახელოს ეს პირები და შესაბამისი ჩვენება მისცეს გამოძიებას.
ზურაბ ბუდაღაშვილის დედა მაგული გობეჯიშვილი ამბობს, რომ მან დღემდე არაფერი იცოდა ამის შესახებ.
„კი, მართალია ხორციელდებოდა დევნა ჩემზე , ჩემს შვილებზე ,მაგრამ თუ ასე იყო საქმე და ზურა ასეთი ზეწოლის ქვეშ იყო იქ, არ ვიცოდი. ახლა მეშინია. დღეს ვტირი, იცით რატომ? მეშინია, თავს ვგრძნობ აბსოლუტურად დაუცველად. დაუცველია ჩემი პატიმარი შვილი, დაუცველი არიან ჩემი შვილები. სამი შვილი მყავს და სამივეს ემუქრებიან. სახლიდან გამოსვლისას ვხედავ, რომ ვიღაც დგას და მითვალთვალებს. სულ ვხედავ, რომ ვიღაც დამყვება და მითვალთვალებს. ზეწოლა ამაზე მეტი რა უნდა იყოს, რომ, როცა ერთი შვილი დაპატიმრებულია, ციხეშია და მეორე შვილს ნარკოტიკს უტენიან ჯიბეში“, – ამბობს მაგული გობეჯიშვილი.
ზურაბ ბუდაღაშვილის და 20 ივნისს დაკავებული კიდევ სამი პირის პროცესები გრძელდება. მომდევნო სასამართლო სხდომა 4 დეკემბერსაა ჩანიშნული.