„თბილისობა 2020“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, „თბილისობა 2020“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა. მისივე თქმით, ჩატარდება მხოლოდ ის კონცერტები, რომლებიც ონლაინ რეჟიმში გადაიცემა.

„ყველამ იცით, რომ „თბილისობა“ ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ამ ღონისძიებების გადადება მოგვიწევს. ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი გახლავთ ადამიანების სიცოცხლე
და მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება. შესაბამისად, „თბილისობის“ ღონისძიებები გაუქმდება.“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

მერის თქმით, დაიგეგმება მხოლოდ ის კონცერტები, რომლებიც Live რეჟიმში გადაიცემა და მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, „თბილისობა 2020“-ის კონცერტები ტელევიზიით იხილოს.


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან ახალი შეზღუდვები შედის ძალაში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო/სოციალური ღონისძიებები ხვალიდან აიკრძალება. შეზღუდვა გავრცელდება ღია სივრცეებზეც.