12 სექტემბერი | კორონავირუსის ახალი შემთხვევები საქართველოში

პუბლიკა

StopCov.ge-ის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 158  შემთხვევა გამოვლინდა. ეს რაოდენობა საქართველოში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დილით ჟურნალისტებთან ისაუბრა, თუ როგორი ეპიდემიოლოგიური სურათი იყო ქვეყნის მასშტაბით. მისი თქმით:

  • 87 შემთხვევა – აჭარა
  • 28 შენთხვევა  – სამეგრელო
  • 19 შემთხვევა –  იმერეთი
  • 6 შემთხვევა – გურია
  • 18 შემთხვევა – თბილისი

მოგვიანებით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა აჭარის რეგიონში ეპიდსიტუაცაზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ:

„20-ზე მეტი შემთხვევა დაკავშირებულია რიტუალურ პროცესებთან.  22 გახლავთ უცნობი შემთხვევა, ჯერჯერობით დაინფიცირების წყარო არ ჩანს. 7 არის სამედიცინო დაწესებულებებთან დაკავშირებული. 3 არის „ხოფას“ სავაჭრო ცენტრთან დაკავშირებული. ასევეა პატარ-პატარა კერძო, მცირე ბიზნესის წარმოებები, სადაც  2-ზე და 3-ზე მეტი პირიa დასაქმებული“, – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.


კორონავირუსი დაუდასტურდა აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომელს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის განცხადებით,  მოძიებულია ყველა კონტაქტი, ისინი თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი და მათ ჩაუტარდათ ტესტირება. შავიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.


ქუთაისში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 21 შემთხვევა დაფიქსირდა. იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ყველა შემთხვევა ქუთაისის N32 საჯარო სკოლას უკავშირდება.


კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრები დაინფიცირებული ქალის კონტაქტია. კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც გორში ქორწილში იმყოფებოდა.


გორში, ქორწილში მყოფ 3 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მარი გიუნაშვილის განცხადებით, არც ერთი მათგანი არ არის გორის მცხოვრები და მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.


პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარის თაკო ჩარკვიანის დედას ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა თავის facebook გვერდზე დაწერა.  გუშინ, კორონავირუსი დაუდასტურდა თაკო ჩარკვიანს, რომელიც ვარაუდობს, რომ მას ვირუსი დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო.


„რუსთავი 2“-ის არც ერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა. მისი თქმით, ტესტი ტელევიზიის 400-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა. გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთ თანამშრომელს.