პანიკის საფუძველი არ არსებობს - ამირან გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, მიუხედავად შემთხვევების ზრდისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

მისი თქმით, აუცილებელია იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც დადგენილია სახელმწიფოს მიერ.

„ეს რეგულაციები ყველამ კარგად იცის. ეს არის ძალიან მარტივი, პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში და ღია სივრცეებშიც, სადაც დისტანციის  დაცვა ვერ ხერხდება. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სანიტარული წესრიგის დაცვას ქვეყანაში. აუცილებელია, რომ თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად აღარ იქნება ის მექანიზმები გამოყენებული, რაც ქვეყანაში გაზაფხულზე მიიღეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვით უნდა მოხდეს ვირუსის შეკავება.

„ვირუსის შეკავება აღარ მოხდება იმ მეთოდებით, რაც ჩენ გამოვიყენეთ გაზაფხულზე, ჩაკეტვით, იზოლირებით და ა.შ. სლოგანი ახლა გახლავთ ის, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ თანაცხოვრებას კორონავირუსთან ერთად. კორონავირუსი არ ქრება ერთ დღესა და თვეში, ჩვენ მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრება მინიმუმ 1 წელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.


StopCov.ge-ის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 158  შემთხვევა გამოვლინდა. ეს რაოდენობა საქართველოში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.