ქალმა პოლიტიკოსებმა მემორანდუმი გააფორმეს - "დაუშვებელია სექსუალური ცხოვრების ამსახველი ინფორმაციით შანტაჟი"

პუბლიკა

ქალმა პოლიტიკოსებმა პარლამენტის წინ მემორანდუმი გააფორმეს, სადაც დაგმეს პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის ფაქტები.

ეკა ბესელიამ, ელენე ხოშტარიამ,  თამარ ჩუგოშვილმა და სხვა პოლიტიკოსმა ქალებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს რომ ბოლო წლებში ხშირად ხდება პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სხვადასხვა საშუალებით გავრცელება ან ამ კადრების გავრცელებით მანიპულირება და შანტაჟი.

“ჩვენ, პოლიტიკოსი ქალები ჩვენი პარტიული კუთვნილების თუ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, დღეს ვერთიანდებით, რომ დავგმოთ ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გადაღება, გავრცელება, ასევე კადრების გავრცელებით დაშინება და შანტაჟი.

პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებაა, რომლის დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. ესაა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ძირითადი უფლება.

ბოლო წლებში ხშირად ხდება პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სხვადასხვა საშუალებით გავრცელება ან ამ კადრების გავრცელებით მანიპულირება და შანტაჟი. ამ მხრივ, განსაკუთრებული სამიზნე ქალები არიან. პირადი ცხოვრებით მანიპულირება ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, მათი მორალური დისკრედიტაციის და სრული მარგინალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია.

დაუშვებელია სექსუალური ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გამოყენება დაშანტაჟების, შერცხვენის, დაშინების მიზნით.

ქალი პოლიტიკოსები მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა ქალს, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მსხვერპლი გამხდარა. ჩვენ ვგმობთ მსგავსი ფორმით ქალების პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე იერიშის მიტანას. ქალების წინააღმდეგ ასეთი მეთოდებით ბრძოლა არა მხოლოდ არღვევს ადამიანის უფლებებს, არამედ ძირს უთხრის წარმომადგენლობით დემოკრატიას.

ჩვენ, პოლიტიკოსი ქალები, მოვუწოდებთ სახელმწიფოს და ყველა შესაბამის უწყებას, უმკაცრესი რეაგირება მოახდინონ და მთელი სიმკაცრით დასაჯონ დამნაშავეები”. – ვკითხულობთ მათ განცხადებაში.