„შესაძლოა, სიმშვიდეზე ვთანხმდებოდეთ, რომ ქვეყანა მშვიდად ცხოვრობდეს და ეს სტრესული სიტუაცია მოიხსნას, მაგრამ კომპრომისი გამორიცხულია, დაუშვებელია. არავითარი კრიზისი არ არსებობს. კრიზისს ქმნის დაახლოებით 20 ადამიანი, საკუთარი ოჯახის წევრებით და ძალიან მცირე მომხრეებით. დაუშვებელია, რომ მათ ჭკუაზე იაროს ქვეყანამ. ეს გამორიცხულია“, – განაცხადა დღეს დიმიტრი ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ დესტრუქციული ძალა არჩევნებისთვის მოემზადოს და შეწყვიტოს დესტრუქციაზე ფიქრი.
დღეს პარლამენტში კომიტეტები სხდომები საპროტესტო აქციის პარალელურად მიმდინარეობს. დილის 10 საათიდან აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტვენებითა და შეძახილებით აპროტესტებენ საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების ყოფნას და საქმიანობას.
11 საათის შემდეგ აქციის მონაწილეთა უმრავლესობამ ეროვნული ბიბლიოთეკის შენობასთან გადაინაცვლა, სადაც დაგეგმილ კონფერენციას, ოპოზიციის ინფორმაციით, უნდა დაესწროს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ბიბლიოთეკასთან იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც.