„პუბლიკა“ წინასაარჩევნოდ გთავაზობთ ბლიცინტერვიუების ფორმატს – 13 კითხვა პოლიტიკოსს.
გთავაზობთ ბლიცინტერვიუს ალეკო ელისაშვილთან. პარტია “მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საბურთალოს მაჟორიტარად იყრის კენჭს.
ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველოს საპატრიარქო უხეშად ერევა სახელმწიფოს საქმეებში?
კი, საპატრიარქო სახელმწიფო საქმეებში ერევა, ზოგ შემთხვევაში უხეშადაც.
უნდა გაუქმდეს თუ არა სავალდებულო გაწვევა?
ახლა უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი. მე ვემხრობი სავალდებულო გაწვევას, მაგრამ ეს უნდა იყოს 6-თვიანი, უნდა მომზადდეს ინფრასტრუქტურა, სასწავლო გეგმა და 6-თვიანი მომზადება უნდა გაიაროს ყველამ – კაცმაც და ქალმაც. ყარაულად კი არ უნდა იდგნენ სადღაც. თვითონ მაქვს გავლილი 18-დღიანი რეზერვი და ჯოკრის თამაშის მეტი არაფერი გვიკეთებია.
ლგბტ თემის წევრები არიან თუ არა დისკრიმინირებულნი და ყოველდღიური საფრთხის ქვეშ?
ყოველდღიური საფრთხის ქვეშ არიან თუ არა, არ ვიცი, ასე აქტიურად არ ვადევნებ ამ საკითხს თვალს. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, არავინ არანაირი ნიშნით, ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს დისკრიმინირებული.
უნდა მოხდეს თუ არა ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზება?
არ ვიცი ზუსტად. ჩემთვის მიზანი ისაა, რომ რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მოიხმარდეს ნარკოტიკს. რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჯანმრთელი. ამ მიზანს რაც მოემსახურება, ის უნდა გავაკეთოთ. ამ მიზნისკენ აკრძალვების პოლიტიკას რომ არ მივყავართ, ვხედავთ. ესაა ხალხის წვალების წყარო. ამ საკითხზე მოვუსმენ სპეციალისტებს.
საჭიროა თუ არა ქალთა კვოტირების სისტემა?
ჩვენს პარტიაში ქალების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს სწორედ ქალების დისკრიმინაციაა. არ ვიცი, ვერ ჩამოვყალიბდი. მე მინდა, რომ მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში. მხარს იმას დავუჭერ, რაც ამას შეუწყობს ხელს.
რა არის საქართველოს ნომერ 1 საფრთხე?
რუსეთი.
არის თუ არა დასავლური კურსი უალტერნატივო?
კი, რა თქმა უნდა. ევროპა ვართ ჩვენ. ერთ-ერთი ის სახელმწიფო ვართ, სადაც დემოკრატია და ძალაუფლების გაყოფა ფეხს იდგამდა. გავიხსენოთ ისნის კარავი. შემდეგ მონღოლებმა საუკუნეებით დაგვწიეს უკან, თორემ ინგლისში იგივე პროცესები გაცილებით გვიან ხდებოდა. ეს არის ჩვენი ბუნებრივი ადგილი. ჩვენ ვართ უძველესი ევროპული სახელმწიფო.
უნდა იყოს თუ არა მინიმალური ხელფასი კანონმდებლობით განსაზღვრული?
კი ბატონო. თუმცა ასეთი ხელოვნური მემარცხენე რაღაცების მომხრე დიდად არ ვარ. ქვეყანა უნდა იყოს მდიდარი. მსგავსი რეგულაციები ადამიანებს უბიძგებს რაღაცების ჩრდილში გადატანისკენ.
ეთანხმებით თუ არა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამას?
რამდენადაც მომწონს, იმდენად ვიცი, რომ ამან ხარისხს დაარტყა, დაიწყო ჩაწყობები, კორუფცია; მოკვდა კონკურენცია, და ამან, ცხადია, ხარისხზე იმოქმედა. წიგნები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ხარისხის ხარჯზე, მე ვკითხულობ ხოლმე ისტორიის სახელმძღვანელოს და შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან უხარისხოა.
უნდა იყოს თუ არა საჯარო ბაღი უფასო?
მიზანი რა არის? ახლა თბილისის საბავშვო ბაღებში ჩაწყობის გარეშე ვერ ხვდები. ის რეგისტრაციის პროგრამა ტყუილია. პირადად ჩამიწყვია საქმე მშობლისთვის, რა მექნა? ბავშვი გარეთ რჩებოდა. გლდანში რომ ადამიანი ცხოვრობს, ვარკეთილში როგორ ატაროს ბავშვი? იმას ვურეკავდი, ამას ვურეკავდი… ამ საქმეში ჩაწყობისთვის მზად ვიყავი.
ჯგუფები გადატენილია, როგორ შეიძლება 30 და 40 ბავშვს ორი მომვლელი ჰყავდეს? ჩვენი მიზანია, რომ ბაღი იყოს კომფორტული, უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და არა მაინცდამაინც უფასო. უფასო უნდა იყოს სოციალურად დაუცველებისთვის. დანარჩენებმა, ვისაც შესაძლებლობა აქვს, გადაიხადოს. და ამით შევუნარჩუნოთ ხარისხი, რომ ბავშვებს ნორმალური გარემო შევუქმნათ.
ეთანხმებით თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის მოქმედ პროგრამას?
რაც ახლა არის ჯანდაცვის მოქმედი პროგრამიდან დარჩენილი, ძალიან უხარისხოა. არ არსებობს ადამიანი ჩემ გარშემო, ვისაც რაიმე სერიოზული სჭირდა და უცხოეთში არ გაიქცა სამკურნალოდ – სახლი გაყიდა, კრედიტი აიღო. არ ვარგა კაპიკად ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, პირველადი ჯანდაცვა არ არსებობს პრაქტიკულად.
ეთანხმებით თუ არა დიდი ჰესების მშენებლობას?
დიდი ჰესების მშენებლობას არ ვეთანხმები. თუმცა ის, რომ დიდი ჰესები არ გვინდა, არ ნიშნავს იმას, რომ ჰესები საერთოდ არ გვინდა. რატომ არ გვინდა კორექტული, ნორმალური ჰესები, რომლებიც გარემოს საფრთხეს არ შეუქმნის. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ სიმდიდრე, რომელიც გვაქვს? ჰესს გააჩნია, პროექტს გააჩნია.
რა არის თბილისის ურბანული განვითარების მთავარი პრობლემა?
ტრანსპორტი. ამის შედეგია ცუდი ჰაერი, ცუდი გარემო. ეს იწვევს გადატვირთულობას, მოუხერხებელი და მოუწესრიგებელია ქალაქი – მშენებლობები და ტრანსპორტი.
ავიღოთ ვაკე. თან უზარმაზარი ცათამბჯენერბის მშენებლობების ნებართვებს გასცემენ, თან ევროპა უნდათ გააკეთონ. მანახონ ევროპაში ორსართულიანი სახლის გვერდით ორმოცდაათსართულიანი სახლი.