„მეტროპოლიტენ ოპერა“ გათავისუფლებულ ჯეიმს ლევაინს 3,5 მილიონს გადაუხდის

დავით ბუხრიკიძე

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, „მეტროპოლიტენ ოპერის“ ხელმძღვანელობა, რომელმაც სახელოვანი ამერიკელი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი – ჯეიმს ლევაინი 2018 წელს „სექსუალური შევიწროების“ ბრალდებით გაათავისუფლა, იძულებულია, მას 3,5 მილიონი დოლარი გადაუხადოს. უცნაურია, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვის დირიჟორსა და თეატრის ადმინისტრაციას შორის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, მხარეებმა დეტალები საჯაროდ არ უნდა გაახმაურონ.

გასულ ზაფხულს „მეტროპოლიტენ ოპერის“ გენერალურმა დირექტორმა, პიტერ გელბმა მოიწვია კომპანიის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა, რომელზეც მეტროპოლიტენის 140-წლიანი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი უნდა განხილულიყო, თუმცა მწვავე დაპირისპირებისა და იურიდიული საკითხების მოუგვარებლობის გამო, ჯეიმს ლევაინსა და თეატრს შორის დავა მხოლოდ ახლახან, 2020 წლის სექტემბერში დასრულდა.

ჯეიმს ლევაინი, რომლის 40-წლიანმა თავდაუზოგავმა მუშაობამ მეტწილად განსაზღვრა „მეტროპოლიტენ ოპერის“ გარკვეული მიმართულება და მაღალი მხატვრული ხარისხი, ორი წლის წინ „მომღერლებისა და ოპერის თანამშრომლების მიმართ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის ბრალდებით“ გაათავისუფლეს. იმის ნაცვლად, რომ ლევაინი მშვიდად და ჩუმად წასულიყო, „მეტროპოლიტენის“ დირექციას ხელშეკრულების დარღვევისა და ცილისწამებისთვის უჩივლა. ზარალის ანაზღაურებისთვის კი 5 მილიონი დოლარი მოითხოვა.

მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობამ სასამართლოში საპასუხო სარჩელი შეიტანა, რომელშიც დირიჟორის წარსული და მისი ისტორიების დეტალები გაახმაურა: „ბატონ ლევაინის უპასუხისმგებლო საქციელი აშკარად არღვევს ჩვენს შორის დადებულ შეთანხმებას და მის ვალდებულებულებას, რომ თანამდებობა ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე დატოვოს“.

ერთწლიანი ურთიერთბრალდებებისა და სასამართლო პროცესის შემდეგ, რასაც პრესაში გავრცელებული სკანდალური ინფორმაციები უძღოდა და რაშიც მხარეებმა მილიონობით დოლარი დახარჯეს, „მეტროპოლიტენის ოპერის“ ხელმძღვანელობა მოულოდნელად დასთანხმდა სასამართლოს გადაწყვეტილებას: თეატრმა ჯეიმს ლევაინს უნდა გადაუხადოს 3,5 მილიონი დოლარი, ხოლო, თავის მხრივ, დირიჟორმა მომავალში პრეტენზია არ უნდა განაცხადოს რაიმე თანამდებობის დაკავებაზე „მეტროპოლიტენ ოპერაში“.

აღსანიშნავია, რომ მორიგების პირობები აქამდე არ გახმაურებულა, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოქვეყნდა. კონფიდენციალურობის ბოლომდე შენარჩუნება მითითებულია საბოლოო ხელშეკრულებაში, რაც ორივე მხარეს ავალდებულებს, დეტალები არ გაასაჯაროონ, მათ შორის, მედიაში.