სოციალური საწარმოების ღია წერილი პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს  სოციალური მეწარმეობის ალიანსისა და საქართველოში მოქმედი ასამდე სოციალური საწარმოს  სახელით კანონპროექტის – „სოციალური მეწარმეობის“ თაობაზე ღია წერილით მიმართავენ.

კანონის პროექტი „სოციალური მეწარმეობისა და მისი მხარდაწერის შესახებ“ 2015 წელს მომზადდა, ცვლილებები განიცადა და  2018 წლიდან საქართველოს პარლამენტშია დარეგისტრირებული, თუმცა ამ დრომდე საპარლამენტო მოსმენაზე არ გასულა.

„მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნიდან 25-ში, სოციალური მეწარმოება სამართლებრივად და/ან პოლიტიკურად არის აღიარებული.

საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოები 5 წელია, მოუთმენლად ველით კანონპროექტის მიღებას, რომლის მოსმენაც ამა წლის 14 ივლისს ჩაინიშნა, მოულოდნელად გაუქმდა და მისი განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

სოციალური მეწარმეობა საქართველოში შედარებით ახალი კონცეფციაა და მისი განვითარება სულ რაღაც 10 წელს ითვლის. დღეს ქვეყანაში დაახლოებით 100-მდე მოქმედი სოციალური საწარმოა, რომელთა შორის საუკეთესოები სოციალურ ცვლილებებს უკვე ახდენენ.

სოციალური საწარმოები:

  • იმ ცარიელ ადგილებს ავსებენ, სადაც სახელმწიფო და ბიზნესი საჭირო სერვისების/პროდუქტების მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს.
  • ეხმარებიან სახელმწიფოს, სერვისები უფრო ხარჯთეფექტურად მიაწოდოს.
  • ხელს უწყობენ ისეთი ჯგუფების დასაქმებას, რომლებიც ნაკლებად კონკურენტულია დასაქმების ბაზარზე.
  • სოციალური ინტეგრაციისა და სიღარიბის დაძლევის ეფექტურ მექანიზმს

წარმოადგენენ.

  • მნიშვნელოვანი წვლილით გამოირჩევიან გარემოსდაცვითი, კულტურული, არაფორმალური განათლების სფეროებში.

სექტორის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ხელშემწყობი გარემოს შექმნა, რომლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა საკანონმდებლო რეგულირებაა, კერძოდ:

  • სანამ არ არის განმარტებული სოციალური მეწარმეობა, ქვეყანაში ვერ შეიქმნება სოციალური მეწარმეობის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა.
  • არსებული სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამები, სადაც გათვალისწინებულია სოციალური საწარმოების მხარდაჭერა, დეფინიციის არარსებობისას ბუნდოვანს ხდის/ართულებს სამიზნე სუბიექტების იდენტიფიცირებას. სახელმწიფო პროგრამების გარდა, დღეს საქართველოში რამდენიმე ორგანიზაცია და პროგრამა საქმიანობს სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით. მნიშვნელოვანია, ერთნაირად გვესმოდეს რა ტიპის საწარმოები მოიაზრება სოციალური საწარმოების ქუდის ქვეშ.
  • განმარტებისა და საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობისას, სხვადასხვა სახელმწიფო რეფორმების დაგეგმვისას არ ხდება სოციალური საწარმოების სპეციფიკის გათვალისწინება.
  • დეფინიციის არარსებობა ხელს უშლის სხვა სექტორებსაც, მორგებული სერვისები და სოც.მეწარმეობის წამახალისებელი ღონისძებები განავითარონ. ფინანსური ინსტიტუტებისთვის ამ პირობებში რთულია სოც.საწარმოების სპეციფიკაზე მორგებული მხარდამჭერი შეთავაზებების განვითარება.
  • დეფინიციის გარეშე შეუძლებელია სექტორის სტატისტიკის წარმოებისა და შესაბამისად, მისი როლისა და მნიშვნელობის შეფასება.

ინიცირებული კანონის პროექტი „სოციალური მეწარმეობის შესახებ“  სამართლებრივ საფუძვლებს ქმნის სოციალური მეწარმეობის ინსტიტუციონალიზაციისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერისთვის (სოციალური მეწარმეობის ცნება, სოციალური საწარმოს სტატუსის მიღება, ფუნქციონირებისთვის სავალდებულო მოთხოვნები და მართვის სპეციფიკები, სოციალური მეწარმეობის სახელმწიფო ხელშეწყობის საფუძვლები და სხვა). ასევე ინიცირებულია ცვლილებების პროექტები რამდენიმე თანამდევ საკანონმდებლო აქტში, როგორც გრანტების შესახებ, ისე სახელმწიფო შესყიდვების კანონში, საგადასახადო კოდექსში, მეწარმეთა შესახებ კანონში და საჯარო რეესტრის შესახებ კანონში.

მოგმართავთ თხოვნით, აღნიშნული კანონის პროექტი გაითვალისწინოთ საშემოდგომო სესიებში და პლენარული სხდომების დღის წესრიგში ჩასვათ მისი განხილვა, “- ნათქვამია ღია წერილში.

წერილის ხელმომწერები იმედს იტოვებენ, რომ კანონის პროექტი სათანადო მხარდაჭერას მოიპოვებს და მიღებული იქნება 2020 წლის შემოდგომაზე.

ღია წერილს ხელს აწერენ: სალომე ხუციშვილი – სოციალურ საწარმოთა ალიანსი; ნანა ჩქარეული – სოციალური საწარმო “იკორთა”; სოციალურ საწარმოთა ალიანსის გამგეობის თავმჯდომარე; ლიკა კილაძე – სოციალური საწარმო “იალონი”; ფერიდე ლორია – სოციალური საწარმო “ფარშევანგი”; მარინა თოფურია – “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი”, სოციალური საწარმო “რვას+1”; ნათია ნამიჭეიშვილი – განათლების, განვითარებისა და დასაქების ცენტრი; ირინა მანია – სოციალური საწამო “ეთნოდიზაინი”; ტრადიცილური რეწვის ასოციაცია; ეკა დათუაშვილი – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი; მაია ხუციშვილი – სოციალური საწარმო “მოვისმინოთ სამყაროს”; მედეა კევლიშვილი – სოციალური საწარმო “პოტერია”; არჩილ ელბაქიძე – ფონდი “აფხაზინტერკონტი”; ნინო არაბული – სოცალური საწარმო “არაბული არტ ჰაუსი”; სალომე წიქვაძე – სოციალური საწარმო “ჩუ”; არჩილ ჭოტაშვილი – საქველმოქმედო კავშირი “თემი”; ანა გოგუაძე – “მზიანი”; მაია ბიძინაშვილი – სოციალური საწარმო “ნუკრიანის სახელოსნოები”; ნინო პაატაშვილი – სოციალური საწარმო “ცისარტყელა”; მაია ასაკაშვილი – სოციალური საწარმო “სხივი”; ხათუნა ცერცვაძე – სოციალური საწარმო “რედო”; გვანცა კიკალეიშვილი – სოციალური საწარმო “თოლისკური”; ლია ტაბატაძე – სოციალური საწარმო “ბაბალე”; ვაჟა სალამაძე – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი; დავით პარკაძე – სოციალური საწარმო “წნული”; კოტე სვანაძე – სოციალური საწარმო “კოდალა”; არჩილ გობეჯიშვილი – სოციალური საწარმო “დადარი”; გიორგი არსენიძე – სოციალური საწარმო ‘ავტო ლაიფი”; დიმიტრიე ტოდოროვიჩ – არბაითერ სამარიტელ ბუნდი (ASB Georgia); ლუკა კობერიძე – სოციალური საწარმო “კაფუნე”;