საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია. მის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ერთი ხმა ხათუნა ლაგაზიძემ მიიღო, ირმა სოხაძემ კი – არც ერთი.
თინათინ ბერძენიშვილი საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო და ამჟამად, გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს; არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედიაკომიტეტის წევრი და ამავე ორგანიზაციის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელი.
არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ტურში გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება სამეურვეო საბჭომ გუშინ გამართა.
სამეურვეო საბჭოს 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. ამასთან, ალექსანდრე ვახტანგოვმა გასაუბრების დასრულებისას განაცხადა, რომ კანდიდატურას ხსნის.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ის მაუწყებლის უკვე ყოფილმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ 2020 წლის 18 აგვისტოს ვადამდე დატოვა, მიზეზად კი მოახლოებული არჩევნების წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით შესაძლო ეჭვებისა და კითხვების თავიდან აცილება დაასახელა.