თბილისში ინფექციის აქტიური ცირკულაცია არ გვაქვს - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თბილისში ჩატარებული ტესტირების შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში ინფექციის აქტიური ცირკულაცია არ გვაქვს.

„მოგეხსენებათ, რომ თბილისში პილოტირება გავაკეთეთ. 3 დღის განმავლობაში იუსტიციის სახლთან მივიდა 988 ადამიანი და ინფექცია აღმოაჩნდა მხოლოდ 7-ს. რაც არის 0.7% დადებითობის მაჩვენებელი. შესაბამისად, თბილისში ინფექციის აქტიური ცირკულაცია არ გვაქვს”, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ასვე გაიტესტა მასწავლებლების დიდი ნაწილი, რომლებსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ.

„2 200 უნდა გატესტილიყო. გაიტესტა 1 800, დაუდასტურდა 14-ს. ყველაზე მეტი ეს გახლავთ გურიის რეგიონში. მოგეხსენებათ, მჭიდრო კავშირია აჭარისა და გურიის რეგიონებს შორის. ზოგადადაც მინდა აღვნიშნო, რომ 298-დან 175 არის აჭარაში, მაგრამ გარეთ – გურიაში, ქუთაისში, თბილისში შემთხვევების ძალიან დიდი ნაწილი პირდაპირ კავშირშია აჭარასთან, პირველად ან მეორეულ კავშირში”, – განაცხადა გამყრელიძემ.


stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 5552;
  • აქედან გამოჯანმრთელდა – 2054;
  • გარდაიცვალა – 31;
  • კარანტინის რეჟიმში – 5637;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
  • კოვიდსასტუმროში მყოფი პირი – 800;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41.