აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 297 ახალი შემთხვევა დადასტურდა – გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 297 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ქვეყნის მასშტაბით კი ახალი შემთხვევების რაოდენობა  453-ია. თამარ გაბუნიას თქმით, დღეის მონაცემებით, აჭარაში ბინაზე 1000-მდე ადამიანი მკურნალობს.

„დღეს დილით 297 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარკვეული მატება გუშინდელთან შედარებით არის. ღონისძიებები ისევ გრძელდება რაც აქამდე იყო. დღეს მთავარი აქცენტი კლინიკური მართვის ხარისხის გაუმჯობესებაა. სწორედ ამიტომ თბილისიდან ჩამოვიდა ექსპერტების ჯგუფი, პირველი საუნივერსტეტო კლინიკიდან ლევან რატიანის ხელმძღვანელობით. დღეს იმუშავებენ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, რათა შეაფასონ პაციენტები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, გარკვეული მატება არის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების, მაგრამ ეს არ არის გეომეტრიული პროგრესიით მატება, რაც კვლავაც იძლევა შესაძლებლობას, რომ აჭარაში სიტუაცია დასტაბილურდეს.