კორონავირუსი | 2 ოქტომბრის მიმოხილვა

პუბლიკა

დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 453 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 5 ადამიანი გარდაიცვალა.  გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი Stopcov.ge-ს დილის მონაცემებით, 295-ით გაიზარდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის დღევანდელი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად გადანაწილდა:

• აჭარა – 297;
• თბილისი – 78;
• იმერეთი – 52;
• სამეგრელო ზემო სვანეთი – 6;
• გურია – 6;
• შიდა ქართლი – 6;
• ქვემო ქართლი – 2;
• კახეთი – 3;
• მცხეთა-მთიანეთში – 2;
• სამცხე ჯავახეთი – 1.

მარინა ენდელაძის განმარტებითვე, იმ ინფიცირებულებიდან, რომლებიც მკურნალობას ახლა გადიან, 38 არის კრიტიკულად მძიმე, მათ შორის 36 კი მართვით სუნთქვაზეა. ენდელაძის განცხადებით, მართვის სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან 9 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოყვანილი პაციენტია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ორი გარდაცვლილი პაციენტები ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა.

„ერთ-ერთი პაციენტი 78 წლის ქალია, რომელსაც ონკოლოგიური დაავადება – ხორხის სიმსივნე ჰქონდა. აღენიშნებოდა ორმხრივი მძიმე პნევმონია, ჰიდროპერიკარდიტი და მისი გამოყვანა მდგომარეობიდან ვერ მოხერხდა. მეორე პაციენტი 72 წლის მამაკაცია, რომელსაც ასევე ორმხრივი მძიმე ვპნევმონია ჰქონდა. მას აღენიშნებოდა კარდიოპათია, გულის ქრონიკული უკმარისობა, თანმხლები დაავადებები და მისი გამოყვანა ამ მდგომარეობიდან ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ენდელაძემ.

კიდევ ორ გარდაცვლილზე ინფორმაცია გაავრცელა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ.

უწყების ცნობით ერთი გარდაცვლილი პაციენტი 90 წლის ქალი იყო, რომელიც ბათუმის რესპიბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მისი დიაგნოზი COVID -19-თან ერთად, ორმხრივი პნევმონია, შოკი, გულის, თირკმლისა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა იყო. მათივე ინფორმაციით, პაციენტს ანამნეზში საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სიმსივნე აღენიშნებოდა.

მეორე გარდაცვლილი პაციენტი, 57 წლის ქალი, ასევე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მისი დიაგნოზი კორონავირუსთან ერთად, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ინსულტი იყო. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა უნივერსალური სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინ დამოკიდებული.

კორონავირუსით გარდაცვლილი 46-ე პაციენტი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა. 69 წლის მამაკაცს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


დღეს დაფიქსირებული კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევიდან ექვსი გურიაში გამოვლინდა. სახელმწიფო რწმუნებულის, ზურაბ ნასარაიას ინფორმაციით, „კოვიდ-19“ სოფელ ლაითურში დაფიქსირდა.

გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის მე-14 საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულმა საარჩევნო კომისიამ მუშაობა შეაჩერა და კომისიის ყველა წევრი თვითიზოლაციაში გადავიდა. როგორც ცნობილია, კომისიის კოვიდინფიცირებული წევრი ამავდროულად თელავის ერთ-ერთი კლინიკის ექიმია.

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ცნობით, დღეს ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე „პეესპეს“ აფთიაქის ორ თანამშრომელს დაუდასტურდა COVID-19.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა ზუგდიდში შვიდ ადამიანს, მათგან ერთი მოსწავლეა – რეპეტიტორის კონტაქტი, ორი ცხელებით შესული პაციენტია და ოთხი ოქროს ბირჟის კლასტერი.

თორიას ინფორმაციით, ხობში ორი დადასტურებული შემთხვევაა, რომლებიც ადრე გამოვლენილ კონტაქტებს უკავშირდება. მისივე ცნობით, სენაკში კოვიდინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევაა და ასევე გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტებია.

„ოკუპირებული საბერიოს კლასტერიდან არის ოთხი ახალი შემთხვევა, ბოლო ერთი საკარანტინე სივრციდან. კორონავირუსი დადასტურდა ასევე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. აქ სულ ხუთი შემთხვევაა, რომელთაგან ორი საირმეში იმყოფებოდა და კავშირი ჰქონდა კოვიდინფიციებულთან, სამი კი ჩხოროწყუს საავადმყოფოს მედპერსონალია“, – აღნიშნა თორიამ.


2 ოქტომბრის Stopcov.ge-ის 23:00 სთ-ის მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 7093;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3714;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 46;
  • კარანტინის რეჟიმში – 5392;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1100;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.