გორში, მოწამვლის სიმპტომით, კლინიკაში 48 ბავშვი შეიყვანეს, 16 სტაციონარულ მკურნალობას გადის

პუბლიკა

შაბათ-კვირას გორში, სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“, მოწამვლის სიმპტომებით, 48 არასრულწლოვანი შეიყვანეს, – ამის შესახებ სამედიცინო ცენტრის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ „პუბლიკას“ უთხრა.

„ჩივილი აქვთ ზუსტად ერთნაირი – გულისრევა, პირღებინება, მუცლის ტკივილი. ძირითადად, ჩვენი პაციენტების ასაკი დაახლოებით 2-დან 14 წლამდეა“, – აღნიშნა ლაზარაძემ.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის სტაციონარულ მკურნალობას 16 პაციენტი პედიატრიულ განყოფილებაში გადის, 23 პაციენტს კი  გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გაუწიეს სამედიცინო დახმარება და უკვე გაეწერნენ ბინაზე.

„ჩემი ინფორმაციით, პაციენტების გადმოცემით, ანალოგიური სიმპტომები აქვთ მოზარდთა მშობლებსაც, რომლებმაც, როგორც ვიცი, შესაბამის კლინიკებს უკვე მიმართეს“, – განაცხადა ლია ლაზარაძემ.

როგორც ექიმმა აღნიშნა, ამ ტიპის მოწამვლა, სავარაუდოდ, შეიძლება იყოს საკვებთან ან წყალთან დაკავშირებული.