ინფიცირებულის ახლო კონტაქტები ტესტირების გარეშე უნდა გადავიდნენ იზოლაციაში - გამყრელიძე

პუბლიკა

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მომზადებულია მთავრობის დადგენილება, რომელიც, სავარაუდოდ, ორ დღეში შევა ძალაში და განსაზღვრავს ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანების ქცევის პროტოკოლს.

„ინფიცირებულებთან კონტაქტირებული ადამიანები, ახლო კონტაქტები – საოჯახო და სამსახურებრივი – ყოველგვარი ტესტირების გარეშე პირდაპირ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში, ვისაც ამის საშუალება არ აქვთ –კარანტინში.

თუ უსიმპტომოები არიან, 12 დღის განმავლობაში ტესტირება არ უტარდებათ. მე-12 დღეს თავისუფლები არიან. თუ მოხდა კიდეც ინფიცირება ან ჰქონდათ უსიმპტომო ვირუსი, ისინი გადამდები აღარ არიან.

თუ 12 დღის განმავლობაში მცირე სიმპტომები გამოუვლინდებათ, უკავშირდებიან ექიმს და ექიმი წყვეტს ტესტირების მიზნობრიობას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.