საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 115 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია, აქედან კრიტიკულ მდგომარეობაშია 36 პაციენტი.
„სუნთქვის აპარატზე ჟანგბადდამოკიდებული 23 პაციენტი გვყავს, ქვეყნის მასშტაბით, რეანიმაციაში – 115 და კრიტიკული მდგომარეობა აღენიშნება 36 პაციენტს. ჩართულია ცენტრალური კლინიკური ჯგუფი, რომელიც კოვიდპანდემიის დაწყებისთანავე მოქმედებს საქართველოს მასშტაბით. მათი კონტროლის ქვეშ იმართება ყველა პაციენტი. ასევე დამატებით მოქმედებს რამდენიმე მექანიზმი, რაც გულისხმობს კლინიკურ კონსულტანტს. ამ პაციენტების მონიტორინგი ხდება საკმაოდ მკაცრად და ზედმიწევნით ყველა პროტოკოლის დაცვით“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საწოლფონდში სულ 3 ათასამდე საწოლია მობილიზებული.
ეკატერინე ტიკარაძის თქმითვე, ქვეყანაში PCR-ტესტების საკმარისი მარაგია და ჯერჯერობით დეფიციტი არ შეინიშნება.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის 416 აჭარაში გამოვლინდა. დღესვე კორონავირუსით გარდაიცვალა 3 ადამიანი, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 375-ით გაიზარდა.