იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ქუთაისში ორი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მისივე ინფორმაციით, ვირუსი დაუდასტურდა მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს, რის გამოც ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია.
„ინფიცირებულები არიან ბავშვებიც, რის გამოც ქუთაისში ორი სკოლა გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე. ბავშვები და მასწავლებლები არიან თვითიზოლაციაში. ვითარება კონტროლს ექვემდებარება, კლინიკებში 370-მდე პაციენტია“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
გუბერნატორის თქმით, ახალი კლასტერები არის, მაგრამ მასობრივი გავრცელება არაა. დღეს იმერეთში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
დღეს საქართველოში სულ კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 3 ადამიანი, 375 კი გამოჯანმრთელდა.