NCDC - ის ახალი ანგარიში: რა სიმპტომებით იწყება covid-19 საქართველოში ყველაზე ხშირად

პუბლიკა

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის შედეგად, რომელიც 30 სექტემბრამდე გამოვლენილი შემთხვევებს ეფუნება, გაანალიზდა კლინიკური სიმპტომები ჰოსპიტალიზაციამდე.

სიმპტომების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია ეფუძნება ინფიცირებულების მიერ დასახელებულ სუბიექტურ შეფასებას, დიაგნოზის ლაბორატორიული დადასტურების მომენტისთვის და არ მოიცავს ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევით დადგენილ კლინიკურ დიაგნოზებს.

კვლევის მიხედვით, ყველაზე ხშირად ვლინდება ცხელება (50.3%) შემდეგ –  ხველა (20.9%), ყელის სიმშრალე/ტკივილი (16%) და თავის ტკივილი (14.1%). PCR ტესტირებით დიაგნოსტირების დღეს 36.2% იყო ასიმპტომური.

(თუმცა დაავადების მიმდინარეობასთან ერთად, შესაძლოა მოგვიანებით გამოვლენილიყო გარკვეული სიმპტომები. ყველა შემთხვევის კლინიკური მიმდინარეობის დეტალური კვლევაგრძელდება და განახლდება მომდევნო ანგარიშში)

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სიმპტომების ინტენსივობის შესახებ ინფორმაციის მოგროვება ზოგ შემთხვევაში პრობლემური აღმოჩნდა, რაც გამოწვეული იყო ისეთი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებით, როგორებიცაა – ენობრივი ბარიერი, გახსენების მიკერძოება, სიმპტომების აღქმის განსხვავებული მიდგომა,
სტიგმატიზაცია.

_______________________
დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოში ახალი  კორონავირუსის გავრცელებასთანდაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და განხორციელებული ღონისძიებების ანალიზის მეოთხე გადახედვას. აღნიშნულ გამოცემაში მონაცემები ასახულია 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით.

შესაბამისად, დოკუმენტში ყველა მაჩვენებელი წარმოდგენილია საანგარიშო პერიოდისთვის, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული. ამ ტიპის ანალიზი პანდემიის პერიოდში რეგულარულად განახლდება.