კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” „პანკისის სათემო რადიოს” საკითხს კიდევ ერთხელ ეხმაურება და ხელისუფლებას მის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიმართ მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„მიგვაჩნია, რომ „პანკისის სათემო რადიოს“ წინააღმდეგ კამპანია არ შეიძლება დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ხელისუფლება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები როგორც მომხდარი ფაქტის გამოძიების, ისე რადიოს 2020 წლის 6 ოქტომბრის განცხადების თაობაზე, რომლითაც კიდევ უფრო ნათლად ჩანს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეუშლის მიზნით დაგეგმილი ნაბიჯები.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ხელისუფლებას სათემო რადიოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიმართ მყისიერი რეაგირებისკენ მოვუწოდებთ, რათა დროულად შეჩერდეს „პანკისის სათემო რადიოს“ გუნდის წინააღმდეგ მიმართული უკანონო მოქმედებები“, – ნათქვამია განცხადებაში.
„პანკისის სათემო რადიოსთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს, 5 სექტემბერს, შუადღეს, ხეობაში პანკისის სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ მორიგი აქციის გამართვა იგეგმება. აქცია ორგანიზებულია როდის სკოტის ფონდისა და რამდენიმე რადიკალურად განწყობილი ჯგუფის მიერ, სალაფიტური თემის ზოგიერთი ლიდერის, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერით“, – განაცხადა 5 სექტემბერს რადიომ.
მათი ინფორმაციით, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები პანკისის სათემო რადიოს დახურვას მოითხოვენ. „პანკისის სათემო რადიოს დამფუძნებელთან საუბარში მათ აღნიშნეს, რომ რადიო არაობიექტურად აშუქებს 37 წლის ვისური მუთოშვილის მკვლელობის საქმეს, რასაც ჰესების მშენებლობაზე, ორ გვარს შორის დაწყებულ დავას უკავშირებს. მათივე განცხადებით, სათემო რადიო პატივს არ სცემს ქისტების წესებს და აქტიური გაშუქებით ხელი შეუწყო სამი ახალგაზრდის დაკავებას, რომლებმაც ქუჩაში შორტებით გასვლის გამო მამა-შვილს სცემეს და მამას ხელი მოტეხეს“…
რადიოს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ სოფელ დუისში 2020 წლის 29 აგვისტოს გამართულ აქციაზე პანკისის სათემო რადიოს ოფისის დარბევითა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლით ღიად დაემუქრნენ.
6 ოქტომბერს პანკისის სათემო რადიომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, იმ მიზნით, რომ რადიო ოფისის გარეშე დარჩეს, ადგილობრივი ხელისუფლება დაჩქარებულ რეჟიმში აპირებს გაყიდოს შენობა, რომლის მცირე ნაწილშიც რადიოსტუდიაა განთავსებული. პანკისის რადიოს ცნობით, დღეს, 7 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ახმეტის საკრებულო მხოლოდ ამ საკითხის განსახილველად შეიკრიბა.
მოსალოდნელი თავდასხმის/ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, ერთი თვეა, პანკისის სათემო რადიოს შეწყვეტილი აქვს მივლინებები ხეობაში ჟურნალისტური საქმიანობის შესასრულებლად. მეოთხე კვირაა, ეთერში არ გადის ყოველკვირეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები – „მე და სახელმწიფო“ და „არ გაისუსო“. რადიოში მხოლოდ ადგილობრივი რეპორტიორების მცირე ჯგუფი მუშაობს შეზღუდვებით.
რადიოს დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა 4 სექტემბერს წერილობით მიმართა გენერალურ პროკურატურას და მუქარის ფაქტებზე რეაგირება მოითხოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია.
„მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ პანკისის სათემო რადიოს ირგვლივ განვითარებულ სახიფათო მოვლენებსა და წინასაარჩევნოდ, თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ შეტევაზე“. – ნათქვამია წერილობით მიმართვაში.