ვეცდებით გადაიხედოს საზღვრის დადგენასთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმებები – ზალკალიანი

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანის განცხადებით, აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე მიმდინარე გამოძიება საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს ვერ დააზიანებს.

„აზერბაიჯანი იყო, არის და რჩება საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირედ და მეგობრულ ქვეყნად. ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი და ვერც ახლადაღმოჩენილ გარემოებებზე დაყრდნობით აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებების გაგრძელება და სამართლიანი გადაწყვეტილების ძიების პროცესი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ, დიახ, ვეცდებით გადაიხედოს საზღვრის დადგენასთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმებები, ეს ვერ დააზიანებს ჩვენს ორმხრივ, ისტორიულად ძალიან მყარ, მეგობრულ ურთიერთობებს. ვინაიდან, ჩვენ არანაირი პრეტენზია აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან, მით უმეტეს, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ, არ გაგვაჩნია და არც შეიძლება გაგვაჩნდეს. ეს ძალიან მკაფიოდ მინდა, რომ გაიგოს ჩვენმა საზოგადოებამ, რადგან ნებისმიერი პასუხისმგებლიანი, პატრიოტი ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი ქვეყნის ინტერესები და ეს აბსოლუტურად ნორმალურია“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესთან დაკავშირებით საუბარი ჰქონდა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისში იმყოფებოდა.

„მოლაპარაკებების დროს აზერბაიჯანელ კოლეგებს გავუზიარეთ ის ახლადაღმოჩენილი გარემოებები, ახალი კარტოგრაფიული მასალები, რუკები, საექსპერტო დასკვნები და შესაბამისი განმარტებების მივეცით, რომ ჩვენი პოზიციები გადაიხედა და არანაირად ეს არ უნდა იყოს აღქმული ისე, რომ მათ მიმართ რაიმე პრეტენზია გვაქვს. მათი მხრიდან ამას აბსოლუტურად ნორმალური და სრული გაგება ჰქონდა“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

ზალკანიანის შეფასებით, პოლიტიკური სპეკულაციებია ის მოსაზრებები, რომ მიმდინარე პროცესი დააზიანებს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს. მისივე განცხადებით, აბსოლუტურად გაუმართლებელია ბმა დღეს სამეზობლოში მიმდინარე კონფრონტაციასთან.

„ეს პროცესი აზერბაიჯანელ კოლეგასთან იყო იმ დღეებში, როცა საერთოდ არ იყო კონფლიქტი დაწყებული. ასე რომ რასაც პოლიტიკური ოპონენტებისგან ვისმენთ, არის მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაცია და ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება”, – აღნიშნა ზალკალიანმა.


პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე კომისიის ორი წევრი – ნატალია ილიჩოვა და ივერ მელაშვილი საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით დღეს დააკავა.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.