საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის სხდომის დაწყების წინ ტრადიციულ ბრიფინგზე გარეჯის საკითხსა და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა.
პრემიერმა განაცხადა, რომ თემა არის საქართველოს შიდა პოლიტიკის ნაწილი და მიუღებელია მისი პოლიტიზება.
„უნდა გამოვეხმაურო პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას, რამეთუ, როგორც ხედავთ, არ წყდება მცდელობა საკითხის პოლიტიზების, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი.
უნდა გვახსოვდეს, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს და მხოლოდ ამის შემდგომ გავაკეთოთ საბოლოო დასკვნა.
საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზება და პოლიტიკური სპეკულაციები უბრალოდ დამაზიანებელია ქვეყნისთვის, ამიტომ არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტარეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რომელიც სრულად საქართველოს საშინაო საქმეა და ვერც გამოძიების მიერ ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომელიც ჩვენ უკვე გავუზიარეთ აზერბაიჯანელ კოლეგებს, ვერ დააზიანებს ორ მეგობარ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას: არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზება, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, –- განაცხადა გიორგი გახარიამ.