„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმი დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისი“ იქნება

პუბლიკა

საქართველოდან „ოსკარის“ 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმი დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისი“ იქნება. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გაგა ჩხეიძემ გამოაცხადა.

„მაქვს პატივი, მოგახსენოთ, ვინ არის გამარჯვებული: დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი.“ კომისიის 13 წევრი გვყავდა. 11 ხმა მიიღო დეას ფილმმა, 2 ხმა ერგო უტა ბერიას „უარყოფით რიცხვებს“. ვუსურვებ ამ ფილმს წარმატებას“, – განაცხადა გაგა ჩხეიძემ.

ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა ეროვნულმა კინოცენტრმა 1 სექტემბერს დაიწყო. წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართველ კინემატოგრაფისტებს განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ.

ვადის ამოწურვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებს:

  1. “დასაწყისი” – რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი
  2. “უარყოფითი რიცხვები” – რეჟისორი უტა ბერია
  3. “ურსუსი” – რეჟისორი ოთარ შამათავა

კომისიის შემადგენლობაში იყვნენ:

  • ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი
  • ოთარ ბუბაშვილი
  • გოგი გვახარია
  • ლაშა ბაქრაძე
  • ნანა დოლიძე
  • რამაზ ხოტივარი
  • ალეკო ცაბაძე
  • გიორგი შველიძე
  • სალომე დემურია
  • ია შუღლიაშვილი
  • მაკო ჭილაშვილი
  • ანა ჭყონია
  • მარიამ ხაჭვანი
  • ვაკო კირკიტაძე
  • ლაშა ცქვიტინიძე

27 სექტემბერს „დასაწყისი“ სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრიუმფატორი გახდა – სურათი მთავარი ჯილდოს – „ოქროს ნიჟარის“ მფლობელი გახდა. ამავე ფესტივალზე „დასაწყისმა“ კიდევ სამი ჯილდო მოიპოვა: დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა); ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა); დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი);

რამდენიმე დღის წინ სურათი ტორონტოში კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის ჯილდოს მფლობელიც გახდა.