ვისჯები ოჯახის წევრების პოლიტიკური სიმპათიის გამო | რას ჰყვება ყოფილი დირექტორი

პუბლიკა

სოფელ ქსნის საჯარო სკოლის დირექტორს, დოდო ჭოტორლიშვილს თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილების  ვადის ამოწურვის შემდეგ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს, როგორც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს. ის ამბობს, რომ სხვა დირექტორებს, ვინც ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მიმართ მიკერძოებულია, გაუგრძელეს ხელშეკრულება, მაგრამ ამ სიაში ვერ მოხვდა.

ქსნის საჯარო სკოლის უკვე ყოფილი დირექტორი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ოჯახის წევრების პოლიტიკური სიმპათიების გამო ისჯება. დოდო ჭოტორლიშვილის თქმით, მისი შვილი არც ერთ პარტიაში არ არის, თუმცა მხარს უჭერს და ეხმარება კახა ოქრიაშვილსა და ცეზარ ჩოჩელს.

სკოლის ყოფილი დირექტორი „პუბლიკას“ უყვება, რომ განცხადება დაწერა და აინტერესებდა ოფიციალური პასუხი, რატომ არ გაუგრძელეს ხელშეკრულება, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიუღია.

„დირექრტორებს შეგვიჩერდა უფლებამოსილება. კანონიდან გამომდინარე, ახალი კონკურსი უნდა დაინიშნოს და დირექტორებს ავტომატურად უწყდებათ ამ დროს უფლებამოსილება. ამის შემდეგ, რაკი კონკურსი არ არის გამოცხადებული, ვისაც უნდა, რომ დროებით მოვალეობის შემსრულებელი გახდეს, მან უნდა დაწეროს განცხადება. ეს განცხადებები ჩუმად დააწერინეს იმ დირექტორებს, რომლებიც მათთვის სასურველი იყო. მე არ დამაწერინეს, თუმცა ეს მანამდე გავიგე, სანამ ჩაიკეტებოდა ეს ჩვენი ელექტრონული საინფორმაციო სისტემა, სადაც განცხადებები იტვირთება და გავგზავნე მაინც. გუშინ გავიგე, რომ არ დააკმაყოფილეს ჩემი განცხადება და არ გამიგრძელეს დროებით მოვალეობის შემსრულებლის ხელშეკრულება. კითხვა მაქვს, რატომ?”, – ამბობს დოდო ჭოტორლიშვილი.

ის გვიყვება, რომ მისი დირექტორობის პერიოდში, 7 წლის განმავლობაში, ქსნის საჯარო სკოლა წარმატებული იყო.

„სოფელში რომ ჩამოხვიდეთ და იკითხოთ ჩემს სკოლაზე, მშობლებთან, მოსწავლეებთან, ეს პატარა სკოლა მარტო მცხეთის რაიონში კი არა საქართველოს მასშტაბით გავხადე ცნობილი. თქვენ შეგიძლიათ, სოციალურ ქსელში შებრძანდეთ ქსნის საჯარო სკოლის გვერდზე და ნახოთ ჩვენი მიღწევები – რამდენი გრანტი, რამდენი პროექტი, რამდენი წარმატება გვქონდა ამ შვიდი წლის განმავლობაში. სულ ზეწოლა მქონდა ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ ჩვენი რესურსეცენტრის ხელმძღვანელის მადლიერი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ პარტიიდან ჰქონდა ზეწოლა, მან იცოდა, როგორი დირექტორი ვიყავი და იბრძოდა ჩემ გამო“, – ამბობს ყოფილი დირექტორი.

როგორც დოდო ჭოტორლიშვილი გვიყვება, გუშინ, როცა გაიგო ხელშეკრულების გაუგრძელებლობის შესახებ, ინერვიულა, ცუდად გახდა და სასწრაფოს გამოძახება მოუხდა.

„სასწრაფოს არ გავყევი, მცხეთაში უნდა გადავეყვანე, მაგრამ მერე ჩემმა შვილმა წამიყვანა საავადმყოფოში,  რამე არ მოგივიდესო, ისე ცუდად ვიყავი. გუშინვე გამომწერეს. ახლა სახლში ვარ, დღეს ცოტა დავმშვიდდი“, – ამბობს დოდო ჭოტორლიშვილი.

ყოფილი დირექტორი შვილისა და ოჯახის წევრების აქტიურობას უკავშირებს იმ ფაქტს, რომ აღარ გაუგრძელეს ხელშეკრულება სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად.

„მე მაქვს ასეთი ეჭვი, რომ ეს სიები დირექტორების – ვინ უნდა დატოვონ, დგება პარტიული მიკერძოებულობიდან გამომდინარე, ჩემი კი არა, ჩემი ოჯახის. ჩემი პარტიული მიკერძოებულობა არავინ არ იცის, მე ვარ საჯარო მოხელე და საუბარი ამაზე არც სკოლაში და არც არავისთან არ მქონია. როცა მივალ ყუთთან, იქ დავაფიქსირებ ჩემს მოქალაქეობრივ აზრს. ეს არავინ არ იცის, მაგრამ იციან ჩემი ოჯახის წევრები და ამიტომ ვისჯები მე“, – ამბობს დოდო ჭოტორლიშვილი.

განათლების სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ არჩეულ დირექტორებს 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა.

„აღნიშნული ინფორმაცია საჯარო სკოლის ყველა დირექტორისთვის კარგად არის ცნობილი. სამინისტროს მხრიდან არ მომხდარა არცერთი დირექტორის გათავისუფლება. ყველა მათგანს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში”, – ამბობენ სამინისტროში.