გელათის მთავარ ტაძარზე აუცილებელია, მოეწყოს დროებითი, სრული გადახურვა – ICOMOS საქართველო

პუბლიკა

„ICOMOS საქართველომ” შეისწავლა გელათის მონასტერში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოები და განცხადება გაავრცელა არსებული მდგომარეობის შესახებ. ორგანიზაციის განცხადებაში ასევე ასახულია რეკომენდაციები, რომლებიც საკონსერვაციო სამუშაობისას უნდა დაიცვან.

2020 წლის მარტში პროფესიული წრეებისთვის ცნობილი გახდა, რომ გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ახლად რეაბილიტირებული სახურავი ყინვის შედეგად დაზიანდა, რის გამოც დასავლეთ ნაწილში წყალი ჩადიოდა და ზიანდებოდა კედლის მხატვრობა.

„ICOMOS საქართველოს” განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძეგლი მხოლოდ სექტემბრის ბოლოს გადაიხურა – გუმბათის გარშემო, ნაწილობრივ. მათი თქმით, დროებითი გადახურვის ასეთი მეთოდი ვერ უზრუნველყოფს კედლის მხატვრობის სრულ დაცვას.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე აუცილებელია სრული, საიმედო გადახურვა. რის შემდეგაც გახდება შესაძლებელი დაზიანების სრულყოფილად შესწავლა.

ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სიჩქარე დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციისას. არ შეიძლება პირველი რიგის ამოცანად დაისახოს დახარვეზებული კრამიტის გამოცვლა. სახურავების რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს კედლის მხატვრობის დაზიანების გამომწვევი მიზეზების სრული შესწავლის შემდეგ.

 

იხილეთ განხცადება სრულად:

ICOMOS საქართველო ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ეროვნული კომიტეტია.