„ჩვენთვის დავით გარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო. პირადად, გაოცებული ვარ ამ კომენტარით“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას.
თალაკავაძის თქმით, ევროსტრუქტურის წარმომადგენლის მხრიდან საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხის ამგვარი შეფასება მიუღებელია.
„მინდა, ბატონი კუბილუსის განცხადებას გამოვეხმაურო. როგორც ვნახე, მან თქვა, რომ დავით გარეჯის თემა, რომელიც დღეს საზოგადოებისთვის საინტერესოა, სასაცილოაო. ჩვენთვის დავით გარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო. პირადად, გაოცებული ვარ ამ კომენტარით.
ადამიანი, რომელიც ევროსტრუქტურებს წარმოადგენს, ასეთი დამოკიდებულებით საუბრობს ჩვენთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე, რაც ჩვენთვის მიუღებელია. დავით გარეჯი არასდროს და ვერასდროს იქნება სასაცილო. ჩვენთვის იმ პოლიტიკოსის შეფასება, რომელიც ევროსტრუქტურას წარმოადგენს და ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვან საკითხს ასეთ შეფასებას აძლევს, კატეგორიულად მიუღებელია.
მომავალში ყოველთვის, როდესაც შეხვედრები გვექნება ევროპარლამენტსა თუ სხვა ევროპულ ფორმატებში, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას გამოვხატავთ. იმედი მაქვს, ბატონი კუბილიუსი თავის განცხადებებს განმარტავს. არავის მივცემთ უფლებას, რომ დავით გარეჯისა და ნებისმიერი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის საკითხი სასაცილოდ მოიხსენიოს“, – აცხადებს თალაკვაძე.
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი დავით გარეჯის საქმეზე კარტოგრაფების დაკავების ფაქტს ტვიტერში ეხმაურება და წერს, რომ „ქართული ოცნება“ ამ საკითხით რეალური პრობლემებიდან ცდილობს ყურადღების გადატანას.
„საქართველოს მთავრობამ დააპატიმრა ორი საჯარო მოხელე „აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის უკანონოდ გადაცემისთვის“. შენიშვნა: გამოძიება ეხება 2007 წლის პერიოდს. სასაცილოა. „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ოპოზიციას ადანაშაულებს, რათა რეალური პრობლემებისგან – პანდემიის მიმართ სუსტი რეაგირება და ეკონომიკის შეჩერება – გადაიტანოს ყურადღება“, – წერს კუბილიუსი.
დავით გარეჯის საკითხზე სადელიმიტიაციო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით 7 ოქტომბერს დააკავა. მათ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.