სახიფათოა, მძევლის დისკრედიტაციის კამპანია - სახალხო დამცველი

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“  თავდამსხმელის მიერ მძევლების აყვანის საქმეს ეხმაურება. მისი თქმით, მძევალი, რომელიც მედია საშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, ყველაზე მოწყვლადია ამ ურთულეს სიტუაციაში.

„რადგან სწორედ მას იყენებს შეიარაღებული პირი საკომუნიკაციოდ, მის მიმართ სხვაზე მეტი „ინტერესი“ აქვს. შეიარაღებული პირის ფსიქოპორტრეტი, მისი რეალური მიზნები არავინ იცის, ამიტომ, ძალიან სახიფათოა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მძევლის დისკრედიტაციის წამოწყებული კამპანია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მძევლების, სამართალდამცავების სიცოცხლე და უსაფრთხოება. მოვლენების არასწორ გაშუქებას, არასწორი აქცენტების გაკეთებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ვიყოთ სოლიდარულები უდანაშაულო ადამიანების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, “- წერს ომბუდსმენი.

დღეს, თავდამსხმელმა „საქართველოს ბანკის“ შენობაში მძევლები დღის 3 საათზე აიყვანა. მან რამდენიმე მათგანი გაათავისუფლა. ამჟამად შენობაში თავდამსხმელთან ერთად 17 მძევალი იმყოფება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი.

შს მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით დავდამსხმელთან მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.