შსს: ზუგდიდში ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე არ დასრულებულა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს.

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპერაციის განხორციელებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს. ამ ეტაპზე, ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები“, – აცხადებს შსს.


21 ოქტომბერს თავდამსხმელმა „საქართველოს ბანკის“ შენობაში მძევლები შუადღეს აიყვანა. რამდენიმე საათის წინ კი შენობა რამდენიმე მძევალთან ერთად დატოვა და მანქანით გაურკვეველი მიმართულებით გაემართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე ინფორმაცია სპეცოპერაციის შესახებ არ გაუვრცელებია.