სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ოპოზიციის აქციების საპასუხოდ მმართველი პარტიის მხარდამჭერების კონტრაქციები და თუნდაც სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობით აქციების დაშლა არსებული ვითარებიდან გამოსავალი არ არის.
„ვფიქრობ, ერთადერთი გამოსავალი არის პოლიტიკური კონსენსუსი პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას შორის. ამ ეტაპზე ეს კონსენსუსი, ალბათ, მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე როგორ გადავიდეთ ან, სულ მცირე, ვიფიქროთ ისეთ ალტერნატიულ საარჩევნო ვარიაციებსა და მოდელებზე, რომელიც საარჩევნო პროცესს უფრო სამართლიანს გახდის და თანაბარ პირობებში ჩააყენებს როგორც მმართველ, ასევე ოპოზიციურ პარტიებს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ წლების განმავლობაში რიგ შემთხვევებში პოლიციელების ქმედება კონტრდემონსტრანტების მიმართ არ იყო ეფექტიანი.
„როგორც ხედავთ, ასეთი შემთხვევები ახლაც აღინიშნება. სახალხო დამცველი ყველა დაშავებულთან საუბრობს. ჩვენ ვსწავლობთ ამ საქმის გარემოებებს. თუ დავინახავთ, ჩვენი შესწავლისა და შეფასების შედეგად, რომ აქ იყო უმოქმედობა პოლიციელთა მხრიდან ან არასათანადო რეაგირება, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ შესაბამისი რეაგირების ზომებს“, – განაცხადა ლომჯარიამ.