"ჩვენ არ ვცნობთ არჩევნების შედეგებს და ვითხოვთ ხმების გადათვლას" - "სირცხვილია"

პუბლიკა

“ჩვენ არ ვცნობთ არჩევნების შედეგებს და ვითხოვთ ხმების გადათვლას!” – ამბობენ მოძრაობა “სირცხვილიაში”

მათი თქმით, იმის გამო, რომ ცესკოს აღარ აქვს საქართველოს მოქალაქეთა ნდობა, შედეგების გადათვლის პროცესი უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ – პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით.

“ამავდროულად, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ოპოზიციური პარტიების პროტესტს და მივესალმებით მათ ერთიანობას. ჩვენ გამოვიყენებთ ზეწოლის ყველა შესაძლო გზას და ბოლომდე ბრძოლით აუცილებლად დავიბრუნებთ მოპოვებულ გამარჯვებას!” – აცხადებენ მოძრაობაში.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარი განაცხადა რვავე ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებსაც, ცესკოს პირველადი მონაცემებით, საპარლამენტო მანდატი ეკუთვნით.

შესაბამისად, საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ: „ევროპული საქართველო“, „ლელო-საქართველოსთვის“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტული პარტია“, „ენმ – „ძალა ერთობაშია”, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „მოქალაქეები“.


ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, პარლამენტში 9 საარჩევნო სუბიექტი ხვდება და პროპორციული სიით პარტიებს შორის მანდატები ასე ნაწილდება:

  • „ქართული ოცნება“ – 61 მანდატი;
  • „ნაციონალური მოძრაობა – „ძალა ერთობაშია” – 35 მანდატი;
  • „ევროპული საქართველო“ – 5 მანდატი;
  • „ლელო“ – 4 მანდატი;
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4 მანდატი;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 4 მანდატი;
  • „გირჩი“ – 4 მანდატი;
  • „ლეიბორისტები“ – 1;
  • „მოქალაქეები“  – 2.