7 დიდ ქალაქში დროებით იხურება მუნიციპალური და კერძო საბავშვო ბაღები

პუბლიკა

თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში დროებით დაიხურება როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები, – ამის შესახებ ცნობილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს კიდევ ერთი გადაწყვეტილებით: 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი – 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებებით.

ეს შეზღუდვა არ გავრცელდება შემდეგი მიმართულებით: საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე; ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა.

საკოორდინაციო საბჭოს თქმით, დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით მიიღეს.