მაიკლ პომპეომ საქართველოში ვიზიტი დაასრულა

პუბლიკა

რამდენიმე წუთის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თვითმფრინავმა თბილისი დატოვა. პომპეო საქართველოში გუშინ საღამოს ჩამოვიდა, დღეს დილიდან კი შეხვედრები გამართა მთავრობასთან, პატრიარქთან და არასამთავრობოს სექტორთან.

სალომე ზურაბიშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა;

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საელჩოს ინფორმაციით, მათთან შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე.

სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია II -ს. ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და პატრიარქმა განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით.

საელჩო პომპეოსა და არასამთავრობოების შეხვედრის შესახებაც ავრცელებს განცხადებას. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის კუთხით და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის ხელშეწყობასა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში. საელჩოს განცხადებით, ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შეერთებული შტატები მზადაა მხარდაჭერის გასაგრძელებლად.