ამოქმედდა ინტენსიური ტესტირების პროგრამა, სახელმწიფო დღეში 20 000-მდე ტესტს გააკეთებს - სიჭინავა

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან 2 თვის განმავლობაში (1 თებერვლამდე) ქვეყანაში იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა – ამის შესახებ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო დღეში გააკეთებს, დაახლოებით, 20 ათას ტესტს, ამას დაემატება კერძო ლაბორატორიებისა და კლინიკების მიერ ჩატარებული ტესტები.

„განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება შესაძლებელი იქნება ტესტის ჩატარებიდან 20 წუთის განმავლობაში“, – განაცხადა სიჭინავამ.

მისი თქმით, ამ ინიციატივის მიზანია ინფიცირებულთა დროული გამოვლენა, მსუბუქი და ნაკლებად მძიმე პაციენტების თვითიზოლაციაში დროული გადაყვანა, საყურადღებო შემთხვევების კოვიდსასტუმროებში, მძიმე/კრიტიკული შემთხვევევბის ჰოსპიტლებში გადაყვანა.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ტესტირებისას გამოიყენება, როგორც ე.წ. სწრაფი ტესტები, ასევე PCR ტესტებიც.

„ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრატიკა, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მიმართავს ჩაკეტვების პერიოდში ეფექტური და გაფართოებული ტესტირებების მიზნობრივ ჩატარებას, იმისათვის რომ მოხდეს დროული აღმოჩენა ყველა იმ შემთხვევის, რომელიც დღესდღეობით ქვეყანაში არსებობს, რაც ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, მათ იზოლაციას და შესაბამისად იმოქმედებს ინფექციის გავრცელების კლებაზე“,- განმარტა მინისტრმა.