„ქართული ოცნების“ წევრი კახა კუჭავა აცხადებს, რომ III რაუნდისთვის მისი პარტია ოპოზიციას კონკრეტულ წინადადებებს წარუდგენს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ერთ-ერთი წინადადება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გადასალახი ბარიერის 5%-დან 0%-მდე დაწევა, კუჭავა პასუხობს:
„ნუ მიწყენთ, თქვენი ნებართვით, არ მინდა, შევიდე დეტალებში; არს ეს ის საკითხები, რომელიც არ მინდა გავხდე პირველი, ვინც გამოვიტან რამე სახის ინფორმაციას ამიტომ, არც დაგიდასტურებთ, არც უარვყოფ. ვიტყვი, რომ ნამდვილად საინტერესო შეთავაზებაა ის, რაც ვთვლით, რომ კარგი იქნება, თუ განხორციელდება და მოგვცემს საშუალებას, ყველამ ერთად გავაგრძელოთ მუშაობა პარლამენტი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
ოპოზიციურმა პარტიებმა „ლელოს“ ოფისში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს. მათი თქმით, მთავარი მოთხოვნა, რომელიც ახალ არჩევნებს ეხება, კვლავ ძალაშია. შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ რიგ საკითებთან დაკავშირებით პოზიციებზე ჩამოყალიბდნენ, იყო „ახალი კომპონენტებიც”, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებენ, სანამ ამ პოზიციას ფასილიტატორებს გააცნობენ.
„ძალიან ცხარე დისკუსია გვქონდა. რამდენიმე საათს გრძელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ხალხი ვართ, აზრთა სხვადასხვაობაა, საერთო პოზიცია შევაჯერეთ. მზად ვართ, III რაუნდისთვისაც, ელჩებთან შეხვედრისთვისაც… ვერ გეტყვით, რა არის ეს პოზიცია. ძველი მოთხოვნები რაც იყო, ის მოთხოვნები რჩება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.