მწერალი და ტელეწამყვანი ტორესა მოსი, რომელიც პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია, facebook-ის ჯგუფში წერს, რომ გადაწყვიტა, შეწყვიტოს ყველანაირ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა და არ სურს, ასოცირებული იყოს რომელიმე პარტიასთან.
„ვტოვებ ამ ჯგუფსაც, პორტალსაც, ზოგადად გირჩის ყველა ჯგუფს. არ მინდა ეს აღქმული იყოს, როგორც რაიმე მხარის არჩევა“, – წერს ის.
„დიდი ხანია მინდოდა ამ გადაწყვეტილების მიღება, უბრალოდ არ მინდოდა მე ვყოფილიყავი უნებურად რამე ფორმით დეტონატორი.
ასევე ვითვალისწინებდი მიმდინარე პროცესებს და არ მინდოდა არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყოლოდა ამ გადაწყვეტილებას.
რაკი ჯაფარამ დაპოსტა და მოხდა ის, რაც მოხდა, ვფიქრობ ჩემი მხრიდან მოცდა და გადადება აღარ ღირს.
მე ვწყვეტ ყველანაირ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას და ზოგადად არ მსურს ასოცირებული ვიყო ზოგადად რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან.
ამიტომ ვტოვებ ამ ჯგუფსაც, პორტალსაც, ზოგადად გირჩის ყველა ჯგუფს. არ მინდა ეს აღქმული იყოს როგორც რაიმე მხარის არჩევა. არ ვაპირებ რომელიმე მხარეს, რომელიმე პარტიაში ყოფნას. წარმატებები თავისუფლებისთვის ბრძოლაში ყველას“, – წერს ტორესა მოსი დახურულ ჯგუფში.
Facebook-ის პირად გვერდზე კი ტორესა მოსი განმარტავს, რომ სურს, თავის ძირითად საქმიანობას მეტი დრო დაუთმოს.
დღეს, 4 დეკემბერს ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში დაპოსტა, რომ მისი, იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის „გზები გაიყო“.
ჯერჯერობით, უცნობია, რა ფორმით გააგრძელებს პარტია მუშაობას. ოთხივე პოლიტიკოსს „გირჩიდან“ პარლამენტის მანდატი აქვს.