მივიღე მუქარა, რომ „გავნადგურდებოდი“ | ჯაფარიძე მეგრელიშვილზე, ხვიჩიასა და რაქვიაშვილზე

პუბლიკა

„გირჩის“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ თანაპარტიელებმა – იაგო ხვიჩიამ, ვახტანგ მეგრელიშვილმა და ალექსანდრე რაქვიაშვილმა, რომლებთანაც ჯაფარიძე თანამშრომლობას აღარ აპირებს, მას დაემუქრნენ, ურჩიეს „დაოკებულიყო“ და პარტიიდან თავად წასულიყო – ამის შესახებ ჯაფარიძემ პარტიის შიდა ჯგუფში დაწერა.

ჯაფარიძის თქმით, გუშინწინ საღამოს პარტიის დამფუძნებლებთან ისაუბრა და გადაწყდა, რომ სახელი „გირჩი“, ისევე როგორც „გირჩის“ Facebook-გვერდი, „უნდა დარჩეს ჩვენთან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ – ერთიც და მეორეც გოგა ხაჩიძის შექმნილია“.

„გუშინ დილით მე მქონდა კომუნიკაცია იაგო/სანდრო/ვახოსთან, და შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება – ჩვენ გვრჩება მხოლოდ სახელი და პეიჯი, ხოლო მათ რჩებათ ყველაფერი დანარჩენი – ბიბლიური თავისუფლება თავის შემოსავლებით, პორტალი თავის ჯედებით, ვებგვერდი, ფბ ჯგუფები, ავეჯი, ინვენტარი და ა.შ. პასუხად მივიღე: ჯერ რჩევა რომ “დავოკებულიყავი” შემდეგ მუქარა რომ “გავნადგურდებოდი”, შემდეგ ეჭვი რომ შესაძლოა “სუსის კაცი” ვიყო ბოლოს კი ისევ რჩევა, რომ ჩემი ნებით წავსულიყავი გირჩიდან, რადგან სახელში უკვე მიწერია გირჩი და ეგ უნდა ვიმყოფინო“, – აცხადებს ჯაფარიძე.

„გირჩის“ ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ამჯერად თანაპარტიელებს საჯაროდ სთავაზობს „ცივილიზებულ გაყრას“.

„ჩვენ პრეტენზიას ვაცხადებთ მხოლოდ სახელსა და ფბ გვერდზე. მეტიც, ვთავაზობთ რომ ეს საკითხი – ვის რჩება სახელი და ფბ გვერდი – გადაწყვიტოთ თქვენ, გირჩმა: ამ ჯგუფში მოწყობილი მარტივი პოლით ან პორტალზე ჯედებით. კენჭისყრით ორივეს გაკეთება უმარტივესია ტექნიკური თვალსაზრისით. პასუხი გვინდა დღის ბოლომდე, დადებითი პასუხის შემთხვევაში, ორივე ტიპის კენჭისყრა შესაძლებელია გაკეთდეს ხვალვე. თუ თქვენი გადაწყვეტილება იქნება მათ სასარგებლოდ, ჩვენ უარს ვიტყვით ყველაფერზე და დავიწყებთ ნულიდან ამისთვისაც სრული მზაობა გვაქვს“, – წერს ჯაფარიძე.


თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში 4 დეკემბერს დაწერა.

„ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას”, – განაცხადა ჯაფარიძემ. მოგვიანებით კი განმარტა, რომ „გირჩი“ არ დაუტოვებია და პარტიის ლიდერად რჩება.