„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა თქვეს, უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართება, რის შემდეგაც მოლაპარაკების შინაარსზე საჯაროდაც ისაუბრებენ.
„არ არის გამორიცხული, რომ ხვალ შეიძლება შედგეს შეხვედრა, რომელზეც ხელისუფლების წარმომადგენელიც იქნება. ასე რმ, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები“, – თქვა შეხვედრის შემდეგ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე იყო განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა, საბოლოოდ ხელისუფლებასთან შეხვედრის წინ საერთო პოზიციაზე შეჯერდნენ.
„იყო პლებისციტთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები, იყო რიგგარეშე არჩევნების სხვადასხვა თარიღთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები. იყო სხვადასხვა მოსაზრებები… ჩვენი პოზიციაა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრის შემდეგ შევძლებთ საჯაროდ საუბარს“, – განაცხადა ვაშაძემ.
შეხვედრის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან კომპრომისის აუცილებლობაზე ისაუბრა კიდევ ერთხელ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ. მისი თქმით, მოლაპარაკებები გაგრძელდება იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“ კომრომისზე საჯაროდ არ ისაუბრებს. ხოლო „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის თქმით, ოპოზიცია ერთიანი თავის მოთხოვნებში და მოლაპარაკებისთვის მზაობაში, ხელისუფლებასთან სავარაუდო შეხვედრა კი იმედს აძლევს, რომ შეთანხმება მოხდება და პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება. პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე ისაუბრა შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემაც.
„ჩვენი ამოცანაა, რომ მივაღწიოთ პოლიტიკურ შეთანხმებას, რომ განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი. ეს არის ჩვენი ამოცანა და ჩვენ ვიმუშავებთ ამისთვის მუდმივად. იმედი მაქვს „ქართულ ოცნებასა“ და სხვა პარტიებს შორის შეთანხმება შედგება, ამისთვის ორივე მხარემ ერთმანეთის მიმართულებით ნაბიჯები უნდა გადავდგათ“, – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.