მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება. ასეთი გამოწვევა ორგანიზაციას არ ჰქონია - ISFED-ის ხელმძღვანელი

პუბლიკა

„ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება… მე რაც ორგანიზაციაში ვარ 2012 წლიდან ასეთი მძიმე გამოწვევა ორგანიზაციას არ ქონია”, – „სამართლიანი არჩევნების” (ISFED) დირექტორი ელენე ნიჟარაძე facebook-ზე ეხმაურება ხმების პარალელური დათვლის შედეგებში ცდომილებას და მხარდამჭერებს მადლობას უხდის თანადგომისთვის.

ის არ გამორიცხავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დღის განმავლობაში ბრიფინგიც ჩაინიშნოს, რის შესახებაც ასევე აცნობებენ საზოგადოებას.

„ვიცი, რომ ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო ეს განცხადება. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ეს მდგომარეობა. თუმცა, ეს არის რეალობა, რაც არ უნდა მძიმე იყოს. სამწუხაროდ, გვიწევს ხოლმე ასეთ მძიმე ფაქტებთან შეჯახება ცხოვრებაში და ამ დროს, ეტყობა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს რეალობა მივიღოთ და როგორღაც გავუმკლავდეთ. ძალიან მაღალი სტანდარტია, მაგრამ შევეცადეთ ეს მაღალი სტანდარტი დაგვეცვა და თვალი არ დაგვეხუჭა რაღაცაზე”, – წერს ნიჟარაძე.


„სამართლიანი არჩევნებმა” 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტი შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.